ფეხბურთი

13:25 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიონის” პორტუგალიელი ახალწვეული: “ვცდილობ ქართული ენა ვისწავლო”

საფეხბურთო კლუბ ბოლნისის “სიონის” პორტუგალიელმა ახალწვეულმა 23 წლის ვიეირა მედინა ლუის ალბერტომ კლუბის ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო პროფესიულ ფეხბურთში თავისი სახელის ჩაწერა სურს.

- რატომ გადაწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა და ფეხბურთის თამაში?

- იმიტომ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ვაჩვენო ჩემი ფეხბურთი და ჩემი სახელი მსოფლიო პროფესიულ ფეხბურთში ჩავწერო.

- აქამდე გინახავს და გსმენია რამე ქართულ ფეხბურთზე? მის დონეს როგორ შეაფასებდი?

- პირდაპირ გეტყვით, არასდროს მიდევნებია თვალი ქართული ლიგისთვის. ამ ჩემპიონატით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც შესაძლებლობა მომეცა, საქართველოში ჩამოვსულიყავი და მეთამაშა. ჩემპიონატის ბევრი თამაში არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ვფიქრობ, რომ ქვეყანა განვითარების პროცესშია და რამდენიმე წელში დონეც გაუმჯობესდება. ამის შედეგად, საქართველოში თამაშით უფრო მეტი ფეხბურთელი დაინტერესდება.

- უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ხარ და “სიონში” ვარჯიშობ. რას იტყვი გუნდსა და მწვრთნელზე?

- პირველად “სიონი” მაშინ ვნახე, როდესაც ევროტურნირზე ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში უიღბლოდ დასრულდა, უდიდესი შესრულებული სამუშაო დავინახე. აუცილებლად გექნებოდა საიმაყის შეგრძნება იმ დიდი გოლების შემდეგ, რაც “სიონის” ფეხბურთელებმა გაიტანეს. პირველ წრეში არც ისეთი კარგი შედეგი აქვს გუნდს, ფინანსური სიტუაციაც არეულ-დარეულია, მაგრამ მეორე წრეში, ყველაფერი დალაგდება და დარჩენილ 15 თამაშში მთელ ცხოვრებას ჩავდებ.

რაც შეეხება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, აქ ჩემგან განსხვავებული კულტურა აქვთ. მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ესპანეთში, ვიყავი ბრაზილიაში, ვთამაშობდი ინგლისში. მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ საქართველო სრულიად განსხვავებულია. აქ, თუ გინდა მოიპოვო გუნდელებისა და მწვრთნელთა სტაფის პატივისცემა, ყოველ დღე ძლიერად უნდა ივარჯიშო. პატივისცემა არ არის ადვილად მოსაპოვებელი. ამიტომ, ბევრს ვმუშაობ. ჩემი გუნდი და მთავარი მწვრთნელი მეხმარება. ჩვენ ვითამაშებთ მოსაგებად, ვისიამოვნებთ ფეხბურთით იმიტომ, რომ ეს ყველაზე მშვენიერი რამაა. ასევე, ვცდილობ ქართული ენა ვისწავლო.

- ამბობენ, რომ ძალიან სწრაფი ხართ. ეს თქვენი კოზირია?

- არამხოლოდ სისწრაფე. მართლა ყველაფერს გავაკეთებ ვარჯიშებზე და თამაშებზე. ვიცი, რომ ღმერთი ჩემთანაა.

0.11452