ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის გახსნითი შეხვედრა “ნუევო არკანხელზე” შედგა, სადაც ერთმანეთს ლა ლიგის დებიუტანტები დაუპირისპირდნენ და ქულები გაიყვეს.
შეხვედრა “კორდობასთვის” იდეალურად დაიწყო და კარტაბიას გადაცემის შემდეგ ანდრონემ პირველივე წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი. გოლის გარდა, პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მასპინძელთა საჯარიმოში კრესპოს მიერ პიოვაკარის წაქცევა იყო, რაზეც “ეიბარის” ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა ტეიშეირა ვიტიენესმა ეპიზოდი გაატარა.
მეორე ნახევარი მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებებით დაიწყო. მან 56-ე წუთზე კამპებადალს საკამათო ვითარებაში მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მასპინძლები 10 კაცის შემადგენლობით დატოვა. ორ წუთში ვიტიენესმა პიოვაკარს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და რიცხოვრივი წონასწრობა კვლავ აღდგა. ცოტა ხანში ანდრონეს დუბლის შესრულება და შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, რუმინელი ფეხბურთელი ერთ მცველს იოლად გაუსწორდა, თუმცა ირურეტას ვეღარ აჯობა. გამოუყენებელი მომენტისთვის მასპინძლები 73-ე წუთზე დაისაჯნენ, მარჯვენა ფლანგზე ბერხონი კარგად გაისარჯა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას შეცვლაზე შემოსულმა არუაბარენამ აჯობა და ზუსტი თავურით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მასპინძლებს ორჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ კარტაბიასა და კრესპოს არ გაუმართლათ – 1:1.
“ეიბარმა” პირველი წრე 27 ქულით მე-8 ადგილზე დაასრულა, რაც გაისკა გარიტანოს გუნდისთვის შესანიშნავი შედეგია. ბასკები ლა ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ.
რაც შეეხება “კორდობას”, ანდალუსიელები 18 ქულით მე-14 პოზიციას იკავებენ. ისინი ლა ლიგაში 1971/1972 წლების შემდეგ პირველად ასპარეზობენ. კლუბმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და დიდი ხნის განმალობაში მოგება არ ჰქონდა, თუმცა მიროსლავ ჯუკიჩის მოსვლის შემდგომ ანდალუსიელებმა საგრძნობლად მოუმატეს და ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და მხოლოდ “ბარსელონასთან” დამარცხდნენ.
კორდობა – ეიბარი 1:1 (1:0)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, პანტიჩი, კრესპო, კამპებადალი, ედიმარი, დეივიდი, ფ.როსი, ანდრონე (ბ.გარსია 82), ბებე, კარტაბია, გილასი (აბელი 63).
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ეკიზა (ანიბარო 46), ნავასი, ბოვედა, კასტელიანო, დ.გარსია, ერასტი, ბერხონი, დელ მორალი (არუაბარენა 70), ლარა (ბორხა 91), პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
გოლები: 1:0 ანდრონე (1), 1:1 არუაბარენა (73).
გაფრთხილებები: კამპებადალი, დეივიდი, ედიმარი, კრესპო – ნავასი, ეკიზა, ლარა
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი
გაძევება: კამპებადალი (56), პიოვაკარი (58).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14(5)-6(1), ჯარიმა: 18-12, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-4
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 12. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.