ჰაცუ ბაშოზე მძიმე სტარტის შემდეგ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი გამარჯვებათა გზას დაადგა.
შეგახსენებთ, რომ იანვრის სუპერტურნირის დასაწყისში ტოჩინოშინმა იოკოძუნებთან და ოძეკისთან მიჯრით 4 მარცხი განიცადა, რასაც 2 მოგება მიაყოლა.
ქართველმა გოლიათმა, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამჯერად, დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკი დაამარცხა ოშიტაოშით.
ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელსაც ექვსივე გასული ორთაბრძოლა წაგებული აქვს და კარგ ფორმაში ნამდვილად არ უნდა იმყოფებოდეს.
ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის სათავეში ისევ მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი რჩებიან, რომელთაც მარცხის გემო ჯერაც არ შეუგრძვნიათ.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში პირველად წააგო გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. დასავლეთის მე-2 ნომრის წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ასაჰიშოსთან ჰატაკიმომოთ წააგო.
მე-6 საშეჯიბრო დღეს გაგამარუ ძალებს დასავლეთის მე-4 ნომერ ტაკანოივასთან მოსინჯავს.
ჰაცუ ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა