სხვა

13:52 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება, გაგამარუს მე-5 მოგება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირზე ნანატრი გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოს საწყისი 4 შერკინება იოკოძუნებთან და ოძეკისთან ჰქონდა წაგებული, მე-5 ტურში კი ოძეკი გოეიდოს დაუპირისპირდა და უვატენაგეთი სძლია. გორგაძე, რომელიც იანვრის სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება, მომდევნო ბრძოლას დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკისთან გამართავს და იქნებ, წარმატებული სვლა განაგრძოს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებელი კვლავაც 3 სეკიტორი რჩება: იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ოკინოუმი.

ძურიოს დივიზიონში ჩინებულად ირჯება დასავლეთის მე-2 ნომერი გაგამარუ, რომელმაც მიჯრით მე-5 მოგება მიითვალა. თეიმურაზ ჯუღელმა აღმოსავლეთის მე-6 ნომერ ტამაასუკას კოტენაგეთი აჯობა. მისდარი მონაგარი მხოლოდ კაგაიაკის (დასავლეთის მე-8) და კიტატაიკის (აღმოსავლეთის მე-3) აქვთ.

გაგამარუ მე-6 ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-4 ნომერ ასაჰიშოსთან ჩაატარებს, რომლის მონაგარიც 4 გამარჯვებაა.

ჰაცუ ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 8:46-დან

0.860149