თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ.
მე-2 ნომრად განთესილმა გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული თურქი აილა აკსუ 6:1, 6:1 გაანადგურა და მერვედფინალში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ მარლის შუპერს (ავსტრია) ეთამაშება.
რაც შეეხება მე-4 განთესვის მქონე ქვაცაბაიას, მან რუს ვალენტინა კულიკოვას 6:3, 6:2 სძლია და მე-2 რაუნდში გერმანელ შარლოტ კლასენს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და ქვაცაბაია პირველ ნომრად არიან განთესილნი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.