საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი ალეკო პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით გორს ესტუმრნენ, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ ჯირკველიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯოხაძე, მერიის ხელმძღვანელი პირები და საფეხბურთო კლუბ გორის “დილას“ დირექტორი გიორგი ტუღუშიც დაესწრნენ.
საუბარი შეეხო სპორტული კლუბ “დილას“ განვითარებას, რაც კონკრეტულად კალათბურთის კუთხით იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტისა და კლუბის ხელმძღვანელებობებს სურვილი აქვთ, კონკურენტუნარიანი საკალათბურთო კლუბი ჩამოაყალიბონ. ამით საქართველოში კარგი პრეცედენტი შეიქმნება, როცა კლუბს საფეხბურთოსთან ერთად საკალათბურთო კლუბიც ჰყავს. ეს პრაქტიკა ევროპაში და მთელს მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული და მაგალითად მადრიდის “რეალის“, კატალონიური “ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მოყვანაც საკმარისია.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დადებითად შეაფასა აღნიშნული ინიციატივა და გეგმის განხორციელებაში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ჩართულობაზე და ხელწყობაზე ისაუბრა.
გორის საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბების შემთხვევაში, “დილა“ პირველი ლიგაში იასპარეზებს, საიდანაც სუპერლიგაში გადასვლის შესაძლებლობა ექნება. საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრე დასრულებულია, ხოლო პირველი ლიგის დაწყება თებერვალში იგეგმება.
www.gbf.ge