გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა L"equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანული კლუბის დატოვებას არ აპირებს და კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, არა აზიაში ან ამერიკაში წავა, არამედ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
“ბაიერნთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე მაკავშირებს. სამი წლის შემდეგ, 34 წლის ვიქნები და წასასვლელადაც ზუსტი დრო იქნება. ყატარსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას არ ვაპირებ. მინდა კარიერა მაშინ დავასრულო, როცა სათამაშო ფორმაში ვიქნები. ჩემი ოცნებაა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული კვლავ მოვიპოვო. ახლა ესაა ჩემი მიზანი და შესაძლოა მიმდინარე სეზონშიც მოხდეს. ჩვენი მთავარი მეტოქეები მადრიდის “რეალი”, ლონდონის “ჩელსი” და კატალონიის “ბარსელონა” იქნებიან.” – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.
ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაასრულა. ლამის კომენტარიდან გამომდინარე, იგი არ აპირებს ფეხბურთის მეშვეობით მაღალბიუჯეტიან დაბალი დონის გუნდებში თამაშით ფული იშოვოს და სანამ გულშემატკივრები მოედნიდან სტვენით გააცილებენ, მანამდე ლამი აქტიურ ფეხბურთს დაემშვიდობება.