“მაინცის” იაპონელი ფორვარდი შინჯი ოკაზაკი შესაძლოა “ლესტერში” აღმოჩნდეს. აღნიშნულ ტრანსფერზე ცნობა გასულ დღეებშიც ვრცელდებოდა, თუმცა დღევანდელი ინფორმაციის თანახმად, გერმანული კლუბი 28 წლის ფეხბურთელში 8 მილიონ სტერლინგს ითხოვს.
“სკაი სპორტის” ცნობით, აზიელი მოთამაშის ინგლისში გადაბარგება საკმაოდ რეალურია. პრემიერლიგაში არასახარბიელო გამოსვლის გათვალისწინებით კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად ზრუნავენ გუნდის გაძლიერებაზე. მათ უკვე გაიფორმეს 23 წლის ნიჭიერი ხორვატი ფეხბურთელი ანდრეი კრამარიჩი.
ოკაზაკი წარმატებულ სეზონს ატარებს. ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზე იმყოფება.