14 იანვარს ურუგვაიში სტარტს სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატი აიღებს. არახალია, რომ ამ ასაკში განსაკუთრებით ნიჭიერი ფეხბურთელები სწორედ ამ კონტინენტზე ბინადრობენ და ვინძლო ბევრი მათგანი ახლო მომავალში ევროპულ მინდვრებზეც ვიხილოთ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო და ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელთაგანაც ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ყველაზე მეტს ელიან.
ტრადიციულად სპეციალისტები ყველაზე მეტს ბრაზილიელი ახალგაზრდებისგან ელიან. ალეშანდრუ გალოს გუნდი ტურნირის ნომერ პირველ ფავორიტად მიიჩნევა. გუნდის მთავარ ვარსკვლავად კი 18 წლის გაბრიელ ბარბოსას თვლიან, რომელიც უკვე "სანტოსის" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მას სამშობლოში "ახალ ნეიმარსაც" უწოდებენ. 2013 წელს, 17 წლამდელთა გუნდის ლიდერი ნათანისგანაც დიდი მოლოდინია. მის სათამაშო სტილს ისეთ ფეხბურთელებთან აიგივებენ, როგორებიც ოსკარი და კაკა არიან. "ატლეტიკო პარანაენსეს" 17 წლის ვუნდერკინდით იტალიური "რომაა" დაინტერესებული. ყურადღების ქვეშაა აგრეთვე მარჯვენა მცველი აურა, რომელიც ამჟამად "სან პაულუს" წევრია.
ბრაზილიელთა გარდა, ტურნირის ფავორიტად, რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებიც მიიჩნევა. პატარა "ალბისელესტეს" უმბერტო გრონდონა წვრთნის, რომელიც აწ გარდაცვლილი, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხულიო გრონდონას შვილია. არგენტინელთა მთავარ იმედად სებასტიან დრიუსი ითვლება, რომელიც მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" სელექციონერთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გუნდშია "ბოკა ხუნიორსის" 18 წლის გამთამაშებელი ლეონარდო სუარესი. სუარესს აქტიურად ესპანური "ვილიარეალი" აკვირდება. ესპანელებს იმედი აქვთ, რომ ახალ რიკელმეს მიაგნეს.
ტალანტები მასპინძელ ურუგვაის ნაკრებშიც ირიცხებიან. ყველაზე ყურადსაღები კი თავდამსხმელი ფრანკო აკოსტაა, რომელიც "ატლეტიკო ფენიქსის" ბომბარდირია, მაგრამ პორტუგალიური "ბრაგას" საკუთრებაა. სპეციალისტები ბევრს მოელიან აგრეთვე გამთამაშებელ ფრანკო პიციჩილოსგან. 19 წლის ფეხბურთელი "დეფენსორ სპორტინგის" რიგებში ირიცხება.
მოქმედი ჩემპიონის, კოლუმბიისგან იგივე წარმატებას არ ელოდებიან, მაგრამ საინტერესო ფეხბურთელები მის რიგებშიც ირიცხება. "ევიგადოს" 18 წლის ნახევარმცველი ანდრეს ტელო სამშობლოში "ახალ კუადრადოდაა" მონათლული.
აუტსაიდერთა რიგებს არც ჩილეს ნაკრები განეკუთვნება. უგო ტოკალის განკარგულებაში მყოფ მოთამაშეთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი ფეხბურთელი, თავდამსხმელი ხოსე ლუის სიერა და მცველი ლუის პავესი იწვევს. პირველი მათგანი 17 წლისაა და "უნიონ ესპანიოლას" წევრია. გასულ ზაფხულს იგი მილანის "ინტერში" ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა. ხოლო პავესი "კოლო კოლოს" ღირსებას იცავს. მის მომავალს ინგლისურ "ლივერპულთან" აკავშირებენ.
სამხრეთ ამერიკის 20 წლამდელთა ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ქვეჯგუფად არიან გადანაწილებულნი.
პირველ ჯგუფში არგენტინის, პარაგვაის, ეკვადორის, ბოლივიისა და პერუს ნაკრებები არიან განთავსებულნი, ხოლო მეორე ჯგუფში ბრაზილიის, ურუგვაის, ჩილეს, კოლუმბიისა და ვენესუელას ნაკრებები.
გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და ეკვადორის გუნდები დაუპირისპირდებიან.