3 შერკინება მონღოლ იოკოძუნებთან და 3 მარცხი – ასეთი სტარტი გამოუვიდა ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ იანვრის სუპერტურნირში დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ჩაება.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ჯერ ჰარუმაფუჯისთან და ჰაკუჰოსთან წააგო, დღეს კი, ვერც კაკურიუს გაუმკლავდა და იორიკირით წააგო. ქართველ სეკიტორს ამოსუნთქვის საშუალება არც მე-4 ტურში ექნება, როდესაც ოძეკი კისენოსატოსთან ჭიდილი მოუწევს. მოკლედ, ლევანს ისეთი კალენდარი აქვს, მტერს არ უსურვებ...
აღსანიშნავია, რომ 3 დღის თავზე მაქსიმალური შედეგი მხოლოდ ხუთ მონაწილეს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯიც იმყოფებიან.
ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ასპროცენტიანი შედეგი აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურზ ჯუღელს, რომელიც რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ირჯება. ქართველმა გოლიათმა მიჯრით მე-3 გამარჯვება (ცუკიდაშით) დასავლეთის მე-5 ნომერ კიტაჰარიმასთან იზეიმა.
გაგამარუ ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-2 ნომრის სტატუსით ასპარეზობს და შემდეგ ბრძოლას დასავლეთის პირველ ნომერ ვაკანოსატოსთან გამართავს, რომელსაც 1 წაგება უკვე აქვს.