ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება და სეზონის პირველი გრან-სლემის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ეცდება.
აღსანიშნავია, რომ მელბურნის კორტებზე ბასილაშვილს საკმაოდ კარგი წილისყრა ერგო. საწყის რაუნდში ნიკოლოზის მეტოქე ხორვატი მატე დელიჩი იქნება, რომელიც 32-ე ნომრად კია განთესილი, თუმცა, ქართველს რეიტინგში მხოლოდ 4 ადგილით უსწრებს: 21 წლის დელიჩი 153-ეა, 22 წლის ბასილაშვილი კი – 157-ე.
თუკი ხორვატს აჯობა, მე-2 წრეში ნიკოლოზის მეტოქე იტალიელ რობერტო მარკორას (232-ე) და ამერიკელ ჩეიზ ბუჩანანის (179-ე) წყვილში უმჯობესი იქნება, სულ კი, მიზნის მისაღწევად 3 თამაშის მოგებაა საჭირო, რისთვისაც 25 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.
ბასილაშვილის და დელიჩის მატჩი 14 იანვარს, მე-15 კორტზე, მე-4 წყებაშია გათვალისწინებული და სლოვაკი ნორბერტ გომბოშის და ირლანდიელი ჯეიმს მაკგის მატჩის დასრულების კვალად დაიწყება.