- თუკი შენმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი გამოიღო და მშობლებმა მაინცა და მაინც ფეხბურთზე მიგიყვანეს (ამ დროს მშობლებს შესაძლებელია შენი მიყვანა რაგბიზე, კალათბურთზე ან სხვა სახეობაზე უფრო სურდათ) განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ იმ გუნდის სახელსა და ავტორიტეტს, სადაც უნდა ითამაშო. საქართველოში მუდმივად ძლიერი გუნდები არ არსებობს და ერთ დროს ძლიერი გუნდები მეორე წელს შესაძლებელია აუტსაიდერები გახდნენ.
- მწვრთნელს რასაკვირველია ყველაფერი უნდა დაუჯერო. მისგან დასჯაც უნდა აიტანო და შექებაც უნდა გაგიხარდეს. მაგრამ, თუკი მწვრთნელი დაიტრაბახებს და იტყვის, რომ თავის დროზე ნორჩ “ბარსელონას” ანდა რაიმე მსგავს დიდ კლუბს წვრთნიდა - ეს ტყუილი არ უნდა აპატიო და მსწრაფლივ ჩაეკითხე, თორემ მერე გულს გააწყალებს და ამ ტყუილზე უამარავ დიდ ტყუილს დააშენებს.
- თუკი გრძნობ, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებ, მაგრამ მწვრთნელი ჯიუტად ისეთ ბავშვებს ათამაშებს, რომელთა მშობლებიც მამაშენზე აქტიურები არიან, არ გაბედო და მამაშენს არ შესჩივლო ის ამბავი. თუკი ამას იზამ, მამაშენი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის ნაცვლად, მწვრთნელს თვითონაც ”უკისრებს” სუფრას და გინდა თუ არა, პატარა ასაკიდანვე სამარცხვინო კორუფციული გარიგების მონაწილე გახდები.
- თუკი მესამე პუნქტში დასახელებული პრობლემა წარმოიშვა, უმჯობესია მწვრთნელთან თავად მიხვიდე და ვაჟკაცურად მოითხოვო “ის რაც გეკუთვნის”. უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვე თანაგუნდელთათვის აზრის კითხვა - ისინი ვის მიიჩნევენ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსად.
- გახსოვდეს, ძველბიჭობა, ხელების პარჭყვა და ხელოვნურად ჩახლეჩილი ხმით საუბარი გოიმობისა და სიშტერის პირველი ნიშანია. ამიტომ, არასოდეს მიბაძო ასეთ ადამიანებს, რადგან მათი გაბრექილობისაგან ბოლოს აღარაფერი რჩება, საქმის მოყვარე და თავმდაბალი ადამიანები კი როგორც წესი უფრო ხშირად თამაშობენ დიდ ფეხბურთს.
- მსაჯს მარცხსა და საკუთარ ცუდ თამაშს მხოლოდ ისინი აბრალებენ, რომლებსაც მინდორზე არაფერი გამოსდით. ამიტომ, მსაჯთან კამათს ყოველთვის მოერიდე. აღარაფერს ვამბობ მსაჯის გინებაზე, რადგან ჯერ გინებით არასოდეს არაფერი გაკეთებულა და თუკი ამ გინებას რომელიმე ფერის ბარათიც მოჰყვა – დაგიღუპია საკუთარი გუნდი და ისაა...
- არასოდეს მოგატყუოს გულშემატკივრების დამოკიდებულებამ. ქართველი გულშემატკივრები როგორც წესი ისეთი კატეგორიის ხალხია, რომლებიც მცირე წარმატების გამო ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ყოვლისშემძლეებად სახავენ და დითირამბებს უმღერიან. მარცხის შემთხვევაში კი ყველგვარ საზიზღრობას უწოდებენ. ამიტომ, მხოლოდ საქმიან და საჭირო კრიტიკას მიაქციე ყურადღება. ქება კი ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. ქებას ბოლოს მაინც გინება მოსდევს და პირიქით...
- იმედია უკვე გეტყოდნენ, რომ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლით თვალების დაბინდვა სპორტსმენი კაცის საქმე არაა. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკებზე.
- თამაშის დროს ყოველთვის ეცადე, რომ გამიზნულად ტრავმა არ მიაყენო შენსავე კოლეგებს – მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს. გახსოვდეს, რომ შეგნებულად ტრავმის მიმყენებელ ფეხბურთელს არაკაცებად თვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ...
- თუკი კარიერული წინსვლა გეღირსა, არასოდეს დაივიწყო შენი ძველი თანაგუნდელები და მწვრთნელები. მათთან მუდმივად იქონიე კონტაქტი, რადგან თუ ამას არ იზამ ყველა ჩათვლის, რომ ცხვირაწეულობის სენი შეგეყარა. დაფასება და ყურადღება კი ყველა ადამიანს უყვარს.
- ფული რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ფულზე მნიშვნელოვანი სპორტული კარიერაა, რადგან წარმატებული კარიერა თავისთავად დიდ შემოსავალსაც ნიშნავს. ამიტომ, პირველ რიგში ფეხბურთზე იფიქრე. გიყვარდეს ფეხბურთი, არ გეზარებოდეს ვარჯიში და თამაში და ფული ყოველთვის გექნება!