საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში თბილისის “დინამოს” კარს 29 წლის სლოვაკი ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს. ის 2013 წლიდან უკრაინის პრემიერლიგაში ზაპოროჟიეს “მეტალურგში” გამოდიოდა, ხოლო მანამდე ბრატისლავას “ინტერში”, “ბრნოსას” და “რუჟემბეროკში” ასპარეზობდა.
“დინამო” მეორე წრისთვის 10 იანვრიდან ემზადება, ხოლო მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ამჟამად, ჰრდლიჩკას გარდა გუნდთან ერთად 7 ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს – მცველი ვაჟა ტაბატაძე (“ტორპედო”), ნახევარმცველები ოთარ კიტეიშვილი (“მეტალურგი”), ვახტანგ ჭანტურიშვილი (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა), ფორვარდები ბექა მიქელთაძე (“ზესტაფონი”), ჯონ ჯერემია (“გაგრა”), ჯაბა უგულავა (“სიონი”). ჩამოთვლილთაგან “დინამოში” ვინ დარჩება, მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი გადაწყვეტს.
26 იანვრიდან 10 თებერვლამდე “დინამო” შეკრებას ანთალიაში გაივლის, სადაც ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თბილისელთა სავარაუდო მეტოქეები ავსტრიული “შტურმი”, ჩეხეთის “სპარტა”, სლოვენიის “დომჟალე”, უკრაინული “ვორსკლა” და “ილიჩევეცი”.
თურქეთში გამგზავრებამდე თბილისელები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავენ თანაქალაქელ “ვიტ ჯორჯიასთან” და პირველი ლიგის სტუ-სთან.