იტალიურმა გამოცემა calciomercato.it-მა სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა. გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფლორენციის “ფიორენტინას” ჰყავს, – 4.
მეკარის პოზიციაზე “მილანის” ესპანელ კარის დარაჯ დიეგო ლოპესს ვხედავთ. ლოპესმა “ტორინოსთან” მატჩში არაერთგზის იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან. “როსონერი” მოპოვებულ ქულას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.
მარჯვენა მცველებში ტურინის “იუვენტუსის” ურუგვაელი ფეხბურთელი მარტინ კასერესი გამოარჩიეს. კასერესი მოედანს სამთვიანი პაუზის შემდეგ “ნაპოლისთან” მატჩში დაუბრუნდა და გარდა იმისა, რომ დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა, მეტოქის კარიც აღებაც შეძლო.
საპირისპირო ფლანგზე “ფიორენტინას” კაპიტანი მანუელ პასკუალი მოხდვა. 32 წლის ფეხბურთელმა “პალერმოს” წინააღმდეგ გოლის გატანასთან ერთად საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.
დაცვის ცენტრალური წყვილიც “ფიორენტინასა” და “იუვენტუსის” მოთამაშეებით დაკომპლექტდა. ფლორენციელმა ხოსე ბასანტამ თავის ფუნქციებს გოლის გატანაც შეუთავსა. ჯორჯო კიელინიმ კი “სან პაოლოზე” ნამდვილი გლადიატორივით იბრძოლა და საკუთარ გუნდს თავიდან არაერთი უსიამოვნება აარიდა.
ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგი “ფიორენტინას” ესპანელმა ლეგიონერმა ხოაკინ სანჩესმა ჩაიბარა. ხოაკინმა “პალერმოს” კარში ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა. მარცხენა ფლანგზე კი რომის “ლაციოს” ბრაზილიელი წევრი ფელიპე ანდერსონია. ანდერსონმა მორიგი მატჩი ჩაატარა აღმაფრენით. რომაულ დერბიში მან ლამაზ გოლს, ლამაზი ასისტიც დაურთო.
ნახევარდაცვის ცენტრალური წყვილიც ფლორენციულ-ტურინულია. იტალიელმა ჟურნალისტებმა ბორხა ვალერო და პოლ პოგბა გამოარჩიეს. პოგბამ ტურის მშვენება გოლის გატანა შეძლო.
თავდასხმაში ვხედავთ გენუის “სამპდორიას” ბრაზილიელ ლიდერ ედერს. ედერმა საკუთარ გუნდს მშვენიერი გოლით სამი ქულა მოუტანა. ედერის მეწყვილე ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც მშობლიური გუნდი შესრულებული დუბლით “დელა კაპიტალეში” მარცხისგან იხსნა.
სრული გუნდი კი ასე გამოიყურება:
დიეგო ლოპესი (“მილანი”); მარტინ კასერესი (“იუვენტუსი”), ხოსე ბასანტა (“ფიორენტინა”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), მანუელ პასკუალი (“ფიორენტინა”); ხოაკინი (“ფიორენტინა”), ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ფელიპე ანდერსონი (“ლაციო”); ედერი (“სამპდორია”), ფრანჩესკო ტოტი (“რომა”)