ტოკიოს სუპერტურნირზე მოასპარეზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ძალიან მოინდომა, თუმცა, ნავსი ვერ გატეხა და მონღოლ იოკოძუნასთან ზედიზედ მეჩვიდმეტედ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება და ტურნირის სტარტზევე უძლიერეს მეტოქეებთან ჭიდილი ელის. შეჯიბრის პირველ დღეს, გორგაძე იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა და სენსაციის მოხდენა, ვერც “თეთრ ფენიქსთან” მოახერხა.
ბედის ირონიით, ქართველ სეკიტორს ხვალაც მძიმე შერკინება ელის, რადგანაც მიჯრით მე-3 იოკოძუნას – კაკურიუს გაეჯიბრება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი დღეს აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან უვატენაგეთი დამარცხდა.
წარმატებული სტარტი აიღო რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა. დასავლეთის მე-2 ნომერმა გაგამარუმ მე-2 გამარჯვება ამურუსთან იზეიმა. თეიმურაზმა ძურიოს აღმოსავლეთის პირველ ნომერ რუსს იორიკირით აჯობა. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-5 ნომერი კიტაჰარიმა იქნება.