ფეხბურთი

12:05 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: “ძლიერ კლუბებთან გამარჯვება დამაჯერებლობას გვმატებს”

“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის (1:0) შემდგომ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვდრაზე ესაუბრა.

ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ძლიერ კლუბებთან წარმატებული თამაში მის გუნდს დამაჯერებლობასა და რწმენას მატებს.

“ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ძლიერი შემტევები თამაშობდნენ, თუმცა თავის დაცვა მოვახერხეთ და ჩვენი შანსი გამოვიყენეთ. შესაძლოა, ცოტა გაგვიმათლა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ “იუნაიტედთან” შინ წაგებული შეხვედრა, სადაც მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

ჩვენ რაც შევძელით, ეს ძალიან რთულია. ბოლო კვირებში ბევრ ძლიერ გუნდთან მოგვიწია თამაში და მიხარია, რომ წარმატებულად ასპარეზობა შევძელით. დავამარცხეთ “არსენალი”, “ევერტონი” და “მანჩესტერი”, ხოლო “ჩელსისთან” ქულა მოვიპოვეთ. უკანასკნელ პერიოდში წარმატებულმა თამაშმა დამაჯერებლობა და რწმენა შეგვამატა. ასეთ გუნდებთან წარმატებული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

“საუთჰემპტონს” არ ეშინია არც რომელიმე გუნდის და არც სტადიონის. ჩვენთვის სახელები არაფერს ნიშნავს და მოედანზე ბოლომდე ვიბრძვით”, - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

საუბრის ბოლოს კუმანმა დუშან ტადიჩის მიერ გოლის ემოციურ აღნიშვნაზე გაამახვილა ყურადღება. სერბმა ფეხბურთელმა მაისური გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

“ასეთი საქციელი არ მომეწონა, რადგან სულელურ სიტუაციაში მიღებულ ყვითელს, შესაძლოა მეორე ბარათიც მოჰყვეს და რთულ სიტუაციაში აღვმოჩნდნეთ.

თუ მოვახერხებთ სეზონის ბოლო წუთზე გატანას და ეს გოლი ევროტურნირებზე გაგვიყვანს, მაშინ ასეთი აღნიშვნა არაა პრობლემა, მაგრამ სხვა მომენტში გამართლებულად არ მიმაჩნია”, - დაასრულა საუბარი “ფეიენოორდის” ყოფილმა დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ “საუთჰემპტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” “ოლდ ტრაფორდზე” 1988 წლის შემდეგ პირველად მოიგო. კუმანის გუნდი პრემიერლიგაში 39 ქულით მე-3 ადგილზეა.


0.130059