ფეხბურთი

12:00 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” დუბლშემადგენლობას ისევ სუხიაშვილი გაწვრთნის

ქუთაისის “ტორპედოს” დუბლშემადგენლობას კვლავ გიორგი სუხიაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც ვლადიმერ ჭყონია დაეხმარება. პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისთვის ქუთაისელთა სარეზერვო შემადგენლობაც ემზადება, რომლის პირველ ვარჯიშს “ტორპედოს” თავკაცი გიორგი დარასელია დაესწრო.

ჭყონიამ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდისთვის ასეთი კომენტარი გააკეთა:

“გარდა ორი ახალი ფეხბურთელისა, ჩვენ იგივე შემადგენლობით ვაგრძელებთ მზადებას. დუბლები ძირითადად ქუთაისის ბავშვთა სკოლებიდან დაკომპლექტდება. აქცენტს ვაკეთებთ 1996-97 და 1998 წლებში დაბადებულებ ფეხბურთელებზე, ხოლო მათზე უფროსებმა ბედი პირველ და უმაღლეს ლიგებში უნდა სცადონ.

მზადება დავიწყეთ და გუნდის ცხოვრების ყველა ნიუანსს წვრთნის პროცესში დავინახავთ. მთავარია, რომ პირველ გუნდს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მივაწოდოთ. ეს ჩვენი მიზანია. მადლობა ბატონ გიორგი დარასელიას, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და გვითხრა, რომ მაქსიმალურად დააკვირდება ამ ბიჭებს. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც ქუთაისს ეკადრება, ისეთი პირველი და მეორე გუნდი ჰყავდეს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ, მიუხედავად დუბლიორთა ტურნირის დანიშნულებისა, “ტორპედოს” რეზერვისტები მე-13 ადგილზე მაინც არ უნდა იყვნენ, რადგან ქუთაისში გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევის რესურსია.

შეიძლება ითქვას, ახლო წარსულში ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ მომავალში გამოვასწორებთ. სანამ პირველი გუნდი უცხოურ შეკრებაზე წავა, ერთჯერადი ვარჯიშები გვექნება და შემდეგ კი ვნახოთ. სხვათა შორის, ამხანაგური თამაშების ჩატარებას ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებთანაც ვაპირებთ, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ სასარგებლო იქნება ახალგაზრდებისთვის”.

0.112062