ჭიდაობა

23:44 | 10.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

10 მედალი ერთ დღეში

ლეგენდარული ქართველი ფალავნების, გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის “ოქროს გრან-პრის” პირველი დღე, საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემპიონ-პრიზიორები ჯერ მხოლოდ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ხალიჩაზე დღეს გასული 71 სპორტსმენიდან, 44 ქართველი იყო და მხოლოდ 27 უცხოელი, ქართული შედეგიანობა დიდად შთამბეჭდავიც ვერაა.
საქართველოს ნაკრებები ტურნირში რამდენიმე ტიტულოვანი მოჭიდავის გარეშე ჩაერთნენ, საუკეთესო შემადგენლობები არც სტუმრებს ჩამოუყვანიათ, მაგრამ ამ დანაკლისებზე მეტად, გულდასაწყვეტი სპორტის სასახლის ცარიელი ტრიბუნების ხილვა იყო. “ოქროს გრან-პრის” ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მაყურებელთა მისაზიდად დასწრება უფასო ყოფილიყო, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. მთელი დღის განმავლობაში, ტრიბუნების არათუ გადაჭედვა, ათას გულშემატკივარზე მეტის მოგროვებაც ვერ მოხერხდა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მედლები 55, 66 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა და სამივე წონაში ქართულ-ირანული ფინალები შედგა.
უმსუბუქეს წონაში, 11 მონაწილისგან 7 ქართველი იყო. ნახევარფინალში მათგან მხოლოდ ერთმა – ლაშა გოგიტაძემ გააღწია, ორი სომეხი მეტოქის: არმენ ჩომარიანისა და ჰარუთუნ ჰოვანესიანის ძლევის შემდეგ. საჩემპიონო გამარჯვება კი ირანელ ბაგერ ტავაკოლიანთან იზეიმა. ამ უკანასკნელმა, ფინალის გზაზე გენადი ქუთათელაძე, ზურაბ კეკელიძე და უზბეკი ისლომ შოდმანოვი ჩამოიცილა. რეპეშაჟშიც ამ სამეულმა იჭიდავა და კვარცხლბეკზე შოდმანოვი ავიდა.
66 კილოგრამში (სულ 19 მონაწილე. ამათგან 13 ქართველი), ქართულ-ირანული დაპირისპირება ირანელის გაჩემპიონებით დასრულდა – ომიდ ნოროზიმ მარად აბულაძეს აჯობა. ამ შეხვედრამდე, აბულაძემ სამი თანამემამულე - უჩა შავაძე, ლაშა ლოლაშვილი და არჩილ თურმანიძე დაამარცხა. ნოროზიმ კი აზერბაიჯანელ ბაბაკ რაჰიმლის, მუხრან მაჭუტაძესა და გიორგი მესხს სძლია. ბრინჯაოს ფინალები მთლიანად ქართველებმა შეავსეს. ლოლაშვილმა თურმანიძეს სძლია, ხოლო მაჭუტაძემ – მესხს.
ყველაზე დიდი სიურპრიზი, მაყურებლებს ახალგაზრდა ირაკლი ქაჯაიამ (96 კგ) შესთავაზა. ამ წონაში საქმეში საქართველოს ნაკრების 12 კანდიდატი ჩაერთო, სულ კი 17 მონაწილე მოგროვდა. ქაჯაია საჩემპიონო გზას ბიძაშვილის, იაკობ ქაჯაიას ძლევით შეუყვა. შემდეგ ალეკო ბურდილაძესაც აჯობა და ვასილ იმერლიშვილსაც, ფინალში კი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა თავისზე ლამის ერთი თავით მაღალ ირანელთან, მაჰდი ალიარისთან. იქამდე, ამ ირანელმა ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი (84 კილოგრამ წონით კატეგორიაში), ეგვიპტელი მოჰამედ აბდელფათაჰი დაამწუხრა. სწორედ აბდელფათაჰმა დაასრულებინა მეორე წრეშივე ოქრო-ვერცხლზე ფიქრი საქართველოს ნაკრების უმთავრეს კანდიდატს, სოსო ჯაბიძეს, ხოლო მას მერე, რაც თავად წაიფორხილა, ჯაბიძეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა. ტიტულოვანმა ეგვიპტელმა რეპეშაჟის ფინალში კიდევ ერთ ქართველს, სოლომონ გიკაშვილს მოუგო. მეორე ბრინჯაოს კი იაკობ ქაჯაია დაეუფლა, იმერლიშვილის ძლევით.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 60 კილოგრამი წონითი კატეგორია ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის ფინალშიც ქართველმა ვერ გააღწია. ყველაზე რეალური შანსი მალხაზ ქურდიანმა გაუშვა ხელიდან – ნახევარფინალში თურქ ჩეტან ერსანთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა, იქამდე მალხაზ ზარქუასაც აჯობა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალში გავიდა, ზარქუა და ქურდიანი რეპეშაჟის ფინალში ერთმანეთს დაეჭიდნენ. ზარქუამ იმარჯვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ჩემპიონი კი აზერბაიჯანელი აგაჰუსეინ მუსტაფაევი გახდა.
მძიმე წონაში მხოლოდ 9 მონაწილე მოგროვდა (აქედან 5 ქართველი) და დამამშვიდებელ ეტაპზე დასაყვანი შეხვედრების ჩატარება საჭირო აღარ გახდა – ფინალისტთა მიერ ძლეულები, პირდაპირ “ბრინჯაოს ფინალში” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გიორგი ნიკურაძემ და ლევან ბერიანიძემ ოქრო-ვერცხლის შანსი დავით მოძმანაშვილთან წაგებით დაკარგეს, ხოლო გიორგი საკანდელიძემ და ბერძენმა იოანის არზუმანიდისმა – ევროპის ბელარუს ფინალისტთან, ალექსეი შემაროვთან მარცხით. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბერიანიძე და საკანდელიძე ავიდნენ. ჩემპიონის ტიტული კი მოძმანაშვილმა მოიპოვა. ფინალი სამი სეტი გაიწელა და მთელი ეს დრო უილეთოდ გაილია. მოჭიდავეებმა მხოლოდ ბურთულის ამოღებით ისარგებლეს. ფორტუნამ ბელარუსზე მეტად ქართველ მძიმეწონოსანს გაუღიმა.
ხვალ, მედლების მორიგი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ბერძენ-რომაელები ჩემპიონ-პრიზიორებს 74 და 120 კილოგრამებში გამოავლენენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – 55, 66 და 96 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი – 17 საათიდან.
 
ოთარ მაღლაკელიძე

 

“ოქროს გრან-პრი”
თბილისი
10 ივნისი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

55 კგ
1 ლაშა გოგიტაძე (საქართველო)
2 ბაგერ ტავაკოლიანი (ირანი)
3 ისლომ შოდმანოვი (უზბეკეთი)
3 ჰარუთუნ ჰოვანესიანი (სომხეთი)

66 კგ
1 ომიდ ნოროზი (ირანი)
2 მარად აბულაძე (საქართველო)
3 ლაშა ლოლაშვილი (საქართველო)

3 მუხრან მაჭუტაძე (საქართველო)

96 კგ
1 ირაკლი ქაჯაია (საქართველო)
2 მაჰდი ალიარი (ირანი)
3 იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3 მოჰამედ აბდელფათაჰი (ეგვიპტე)

თავისუფალი ჭიდაობა

60 კგ
1 აგაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)
2 ჩეტან ერსანი (თურქეთი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 უმუდ მამადოვი (აზერბაიჯანი)

120 კგ
1 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)
3 ლევან ბერიანიძე (საქართველო)
3 გიორგი საკანდელიძე (საქართველო)


 

0.121821