ფეხბურთი

21:25 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "პსჟ-მ რაც გააკეთა, ფრანგული ფეხბურთის უპატივცემულობაა"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „ბრესტთან“ მატჩის (3:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, როდესაც 3 გოლი გაგაქვს, თამაში არათუ არ უნდა წააგო, ფრეც არ უნდა ითამაშო და ეს მოგებისთვის საკმარისი უნდა იყოს.

„მატჩი კარგად დავიწყეთ და ისმაელ ტრაორეს გოლის გათვალისწინებით, ნამდვილად იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი იმით, თუ როგორ წარიმართა თამაში, რადგან ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ბრძოლა მარტივად წავაგეთ. დიდი დისბალანსი იყო. ყველას შეუძლია თქვას, რომ გოლები მცველების ან მეკარის ბრალია, მაგრამ მთავარი პრობლემა შუაში იყო.

დიახ, „მეცის“ მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ 3 გოლი გავიტანეთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ მიქაუტაძის მომენტზე, როცა მეკარე მოატყუა და მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მაშინ 1:1 იყო და ამას რაღაცის შეცვლა შეეძლო. გარდა ამისა, სიმართლე ისაა, რომ 3 გოლით თამაში უნდა მოიგო, ფრეც კი არ უნდა ითამაშო, როცა 3 გოლს გაიტან, არათუ წააგო.

პსჟ-მ ჩვენს კონკურენტ „კლერმოთან“ მეორე გუნდით ითამაშა? არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ითამაშეს, მაგრამ ეს ფრანგული ფეხბურთის უპატივცემულობაა. უმჯობესია, მეტი არაფერი ვთქვა“, - აღნიშნა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა. მას 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვა გუნდში („აიაქსში“) გაატარა. გარდა ამისა, მიქაუტაძის აქტივში 3 საგოლე პასიცაა.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, თუმცა, გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 12 აპრილს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112568