ფეხბურთი

16:50 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის პირველი დუბლი საფრანგეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „მეცი“ სტუმრად „ბრესტთან“ დამარცხდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა!

ქართველი ფორვარდის გუნდი მეექვსე წუთზე ისმაელ ტრაორეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე ძალიან ცუდად ითამაშა და მე-60 წუთისთვის უკვე 1:4 მარცხდებოდა. თამაში მიქაუტაძის დამსახურებით დაიძაბა.

გიორგის გოლის გატანა ჯერ კიდევ მე-18 წუთზე შეეძლო, როცა ანგარიში 1:1 იყო. ქართველმა მცველი და მეკარე მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა.

74-ე წუთზე გიორგიმ თავი მაინც გამოიჩინა, როდესაც არტურ ატას კარგი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა, ხოლო 6 წუთის შემდეგ მეკარის მოგერიებულს ცარიელ კარში დაამატა. „მეცმა“ მეტი ვერ შეძლო და 3:4 წააგო.

23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა. მას 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვა გუნდში („აიაქსში“) გაატარა. გარდა ამისა, მიქაუტაძის აქტივში 3 საგოლე პასიცაა.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, თუმცა, გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 12 აპრილს, „ლანსს“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, „ბრესტი“ ლიგა 1-ის სეზონის აღმოჩენაა და მეორე ადგილზეა.

0.126485