ფეხბურთი

2:58 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" "იუვენტუსთან" დამარცხდა და "ნაპოლის" კიდევ უფრო ჩამორჩა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ სუპერმატჩი ჩაატარა, რაზეც მანამდეც დავწერეთ.

ტური კი ცენტრალური მატჩებით გაგრძელდა: რომაული და იტალიური დერბით, რომლებშიც მხოლოდ თითო გოლი გავიდა, მაგრამ გულშემატკივარს დაძაბულობა არ მოჰკლებია.

„იუვენტუსმა“, რომელსაც 15 ქულა აქვს დაკლებული (რომ არა ეს, ახლა მეორე ადგილზე კომფორტულად და მშვიდად იქნებოდა), მილანში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაცვაში გამართული ფეხბურთი ითამაშა, შეტევაში კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ სახიფათო კონტრშეტევებზე გადადიოდა. ერთადერთი გოლი კი 23-ე წუთზე ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. გოლი, რომელზეც შეიძლება დიდხანს ილაპარაკონ, რადგან ეპიზოდის დასაწყისში ადრიენ რაბიოს მხრიდან ხელით თამაში განიხილებოდა. ვიდეორეფერიმ დიდხანს ამოწმა მომენტი, მაგრამ საბოლოოდ, გოლი ჩაითვალა. თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ფრანგმა ხელით ითამაშა. ფაქტია, გოლი ჩაითვალა და „იუვემ“ მოიგო. ტურინელებმა „ინტერს“ მიმდინარე სეზონში ორივე დუელი მოუგეს, თუმცა წინ კიდევ ორი დუელია, იტალიის თასის ნახევარფინალში.

სხვათა შორის, დარჩენილ 70 წუთში „ინტერს“ საგოლე მომენტიც არ შეაქმნევინა, ყოველ შემთხვევაში, რეალური და აშკარა. „იუვენტუსმა“ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ ევროზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

„ინტერი“ მესამე ადგილზეა, „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა უკვე 21 ქულაა, ხოლო მეორე ადგილს რომის „ლაციო“ იკავებს, რომელსაც „აძური“ 19 ქულით უსწრებს.

არანაკლები ცხელი იყო დერბი დელა კაპიტალე, რომელშიც „ლაციომ“ „რომა“ მატია ძაკანის გოლით დაამარცხა. მაურიციო სარის გუნდმა მეტოქეს აჯობა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ „ჯალოროსი“ ტაიმზე მეტ ხანს რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ „ლაციომ“ 2012 წლის შემდეგ პირველად „რომას“ სეზონში ორივე თამაში მოუგო.

"ლაციო" ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე აღზევდა და "ნაპოლისთან" ყველაზე ახლოსაა, მაგრამ ჩამორჩენა ძალიან დიდია - 19 ქულა. "რომას" 47 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კოსტიჩი (23)

„ლაციო“ – „რომა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ძაკანი (65)

0.128075