ფეხბურთი

19:51 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი მატჩი: გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი

სანაკრებო პაუზის წინ, სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ გასვლაზე 4:0 გაანადგურა და ჩემპიონობისკენ მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, გოლით, საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით. თუმცა, მანამდე „ნაპოლი“ მეცხრე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით დააწინაურა. 35-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოში იაქტიურა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გოლად აქცია. ტაიმიც ასე დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში კვარამ ქუსლით ჩასაწოდებელ პოზიციაზე მატიას ოლივერა დატოვა, რომლის პასით ოსიმენმა დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქეს ბურთი წაართვა, კვარაცხელია გაიყვანა კარგ პოზიციაში, მაგრამ ქართველმა არ დაარტყა, პასი ტანგი ნდომბელეს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:0), ხოლო ხვიჩას მონაგარს საგოლე პასი დაემატა.

ხვიჩა კვარაცხელია დიეგოსა და 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპლიგაში (ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1) ჩატარებულ სადებიუტო სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა 12, გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ის გოლებით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს (21) და ლაუტარო მარტინესს (14) ჩამორჩება, ხოლო საგოლე პასებით ყველას უსწრებს და ლიდერია...

„ნაპოლი“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, მდევრებთან უდიდესი უპირატესობა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 აპრილს, „მილანს“ უმასპინძლებს, ზედ სანაკრებო პაუზის მერე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე 10 დღით ადრე.

ორშაბათიდან საქართველოს ნაკრების შეკრება იწყება და ხვიჩა კვარაცხელიაც ახლა ვილი სანიოლის გუნდის განკარგულებაში იქნება.

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ოსიმენი (9), 0:2 კვარაცხელია (35, პენ), 0:3 ოსიმენი (51), 0:4 ნდომბელე (68)

0.118617