„ვალენსიამ“ „ბილბაოსთან“ გასვლით მატჩში (0:0) ქულა რომ მოიპოვა, გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
ქართველი მეკარის განსაკუთრებული თამაში არც მის თანაგუნდელ დიმიტრი ფულკიეს გამორჩენია, რომელმაც ესპანურ მედიას პირდაპირ უთხრა - გიორგიმ გადაგვარჩინაო.
„გიორგიმ კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა. პირველ ტაიმში მსაჯს დანი გარსია უნდა გაეძევებინა, მაგრამ მსაჯების შეცდომებს ჩვენს წინააღმდეგ მიჩვეულები ვართ. ლა ლიგაში რთულია ყოველი ქულის მოპოვება, მაგრამ ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ, „სან მამესზე“ ქულის მოპოვება კარგია, რადგან აქ ამის გაკეთება ადვილი არასდროსაა“, - თქვა ფულკიემ.
„ვფიქრობ, დაცვა ძალიან კარგად თამაშობს, გიორგი კი ბრწყინვალეა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. კარის მშრალად შენახვა ფუნდამენტური იყო, მითუმეტეს ასეთი გუნდის წინააღმდეგ“, - განაცხადა „ვალენსიას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა მაქსი გომესმა.
გიორგის თამაში მატჩის შემდეგ ხოსე ბორდალასმაც გამოარჩია: „ბილბაომ“ მატჩის ბოლოს სტანდარტული სიტუაციებიდან მომენტები შექმნა, მაგრამ გიორგიმ მათ დიდებულად უპასუხა. შეტევაში რა თქმა უნდა, რაღაც გვაკლდა და კარგად არ გვითამაშია“.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 20 მატჩი დაუგროვდა (17 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, „მესტალიაზე“ სევილიის „ბეტისთან“ გამართავს და თასის ფინალში მარცხისთვის რევანშს ეცდება. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.