ფეხბურთი

21:38 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში მამარდაშვილით ყველა აღფრთოვანებულია: "გვიხარია, რომ ჩვენი მეკარეა"

გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ამჯერად, ქართველმა მეკარემ „სან მამესზე“ ითამაშა ბრწყინვალედ „ბილბაოსთან“ და „ვალენსიას“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 0:0.

„ლომების მომთვინიერებელი. მან არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისმა ორმა სეივმა ინიაკი უილიამსის წინააღმდეგ, ერთი პირისპირ, მეორე თავური დარტყმის შემდეგ, „ვალენსიას“ საშუალება მისცა „სან მამესიდან“ ქულით წასულიყო“, - წერს As-ი მამარდაშვილის შესახებ.

ლა ლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო პოსტი განთავსდა - მამარდაშვილის ფოტო „ბილბაოსთან“ მატჩში მისი სტატისტიკით, მაგრამ მთავარი ამ ფოტოს სათაური იყო, რომელზეც ლა ლიგამ გადახაზა სიტყვა „სან მამესი“ და გაამუქა „სან მამარდაშვილი“. სიტყვა „სან“ ესპანურად წმინდას ნიშნავს. იქვე არის ლა ლიგის მეორე პოსტიც: „მამარდაშვილის ეფექტი“ - აწერია რაულ გარსიას იმედგაცრუებული გამომეტყველების ფოტოს.

ქართველი მეკარე შეაქო თანაგუნდელმა მაქსი გომესმა, რომელმაც მას ბრწყინვალე უწოდა, ასევე გამოარჩია დიმიტრი ფულკიემ:

„ვფიქრობ, დაცვა ძალიან კარგად თამაშობს, გიორგი კი ბრწყინვალეა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს. კარის მშრალად შენახვა ფუნდამენტური იყო, მითუმეტეს ასეთი გუნდის წინააღმდეგ“, - თქვა ურუგვაელმა ფორვარდმა, ხოლო ეს ფულკიეს სიტყვებია: "მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა".

მამარდაშვილის თამაშს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ ესპანელი გულშემატკივრები და ჟურნალისტებიც:

„ელიტარულ ფეხბურთში ამ ასაკში მეკარის ასეთი ბრწყინვალე თამაშები დიდი ხანია არ მინახავს. რა კარგი მეკარე ჰყავს „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის სახით“, - წერს მანოლო მონტალტი.

„სხვა დროში მამარდაშვილის სახით მეკარე ათწლეულის განმავლობაში გვეყოლებოდა. ქართველს სულ რაღაც ერთ წელიწადში ბუმ პროგრესი აქვს. მაგრამ თუ ამ ზაფხულს შემოვა წინადადება 15 მილიონი ევროს ან მეტი ოდენობის, ისი არ დააყოვნებენ მის გაყიდვას, ეჭვი არ მეპარება. იმედია ვცდები“, - დაწერა ალექს დომინგესმა.

„ამ სეზონში საუკეთესო ამბავი გიორგი მამარდაშვილის მოსვლაა, რაც ყველაფერ დანარჩენს გვავიწყებს“ - წერს მიგელ კასტილიო.

„მამარდაშვილი, ლა ლიგის ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი სახელია. ქართველი მეკარე“, - წერს ტონი პადილია.

„შთამბეჭდავი მამარდაშვილი! სასწრაფოდ უნდა განაახლონ მასთან კონტრაქტი და გაიზარდოს გამოსასყიდი თანხა!“, - წერს ჟურნალისტი დომინგო ორტისი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 20 მატჩი დაუგროვდა (17 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, „მესტალიაზე“ სევილიის „ბეტისთან“ გამართავს და თასის ფინალში მარცხისთვის რევანშს ეცდება. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.

0.114345