კალათბურთი

17:20 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტეტოკუნმპო: "შემეძლო სუპერგუნდში გადასვლა და ტიტულის მოგება, მაგრამ ეს მარტივი იქნებოდა"

„მილუოკი ბაქსის“ ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ NBA-ს ჩემპიონისა და ფინალის MVP-ის ტიტულის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შეეძლო გუნდი დაეტოვებინა და სუპერგუნდში გადასულიყო, სადაც ტიტულს იოლად მოიგებდა, მაგრამ ერჩივნა ამისთვის უფრო რთული გზა გაევლო. ახლა კი, როცა მიზანს მიაღწია იანისი ძალიან ბედნიერია.

„არასდროს შემეძლო „მილუოკის“ დატოვება, ვიცოდი, რომ საქმე იყო გასაკეთებელი. სულ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ქალაქი იყო, მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი, მენდობოდნენ. ჩემთვის ადვილი იქნებოდა სადმე სხვაგან, სუპერგუნდში წასვლა და ტიტულის მოპოვება - ეს მარტივია. შემეძლო სუპერგუნდში წასვლა და NBA-ს ჩემპიონობა. თუმცა, მე ავირჩიე უფრო რთული გზა. ასე მინდოდა წარმატების მოპოვება და ეს გავაკეთეთ.

კალათბურთის თამაში დავიწყე ჩემი ოჯახის დასახმარებლად, ვცდილობდი, რომ ოჯახი ეკონომიკური სირთულეებიდან გამომეყვანა. არასდროს მიოცნებია, რომ 26 წლის ასაკში ჩემპიონი და ფინალის MVP გავხდებოდი. ვიცი, რომ მაგალითი გავხდი, მინდა გავაჟღერო მესიჯი, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყველას სჯეროდეს თავისი ოცნების. არ აქვს განწყობას და მწუხარების მომენტებს მნიშვნელობა - მთავარია გჯეროდეს შენი საქმის და განაგრძო მცდელობა. არასდროს მიცეთ უფლება ვინმეს, გითხრათ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი - არა. ხალხი სულ იმეორებს, რომ მე საჯარიმოებს ვერ ვისვრი, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარად იყო (19-დან 17 საჯარიმო ჩააგდო - რედ) და მე NBA-ს ჩემპიონი გავხდი. მინდა ხალხი მიყურებდეს და ფიქრობდეს: ყველაფერი შესაძლებელია”, - თქვა ბერძენმა კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, „მილუოკი ბაქსიმ“ ფინალურ სერიაში „ფინიქს სანსი“ 4:2 დაამარცხა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან 0:2 მარცხდებოდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ანტეტოკუნმპო შეუდარებელი იყო და საკუთარ გუნდს 50 ქულა, 14 მოხსნა და 5 დაფარება შესძინა. ცხადია, იანისი ფინალის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდა.

0.120142