ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ დასახელდა რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ამ თემასთან დაკავშირებით რუსულ მედიასთან იური სიომინმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, ხვიჩა სტაბილური ფეხბურთელია და სურს, რომ ქართველი თავის მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სიფრთხილით მოეკიდოს.
“ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ხვიჩა ძალიან სტაბილურია. კვარაცხელია კაშკაშა ფეხბურთელია, მაგრამ საკითხავია: სად არიან სხვები? ლიგისთვის არც თუ ისე კარგია, რომ ახალი ნიჭიერი ფეხბურთელები არ ჩნდებიან.
დაეხმარა თუ არა სლუცკი ხვიჩას ნიჭის სრულყოფილად წარმოჩენაში? ნებისმიერ სიტუაციაში მთავარ როლს მოთამაშე ასრულებს. ყოველდღე მუშაობს და ყოველდღე იხვეწება. განვითარების პროცესი უწინარესად დამოკიდებულია ფეხბურთელის მონდომებაზე. რა თქმა უნდა, ასევე, მწვრთნელიც თამაშობს როლს მოთამაშის განვითარებაში. დაწყებული ბავშვობის მწვრთნელებიდან, დამთავრებული ყველასთან, ვინც მასთან მუშაობდა.
მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ხვიჩა სწორ გზაზე დგას. ის აგროვებს პრიზებს, ეხმარება გუნდს ევროტურნირებზე გასვლაში. ღმერთმა ინებოს, რომ ასეთი ნიჭიერები, რაც შეიძლება ბევრი იყოს, მაშინ ჩვენი ჩემპიონატის დონე და რეიტინგი უფრო მაღალი იქნებოდა.
პრემიერლიგისთვის მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება. როდესაც კარგი მოთამაშე ტოვებს ჩემპიონატს და მის ადგილზე სხვები არ იზრდებიან, ეს ყოველთვის ცუდია. ხალხი ულამაზესი ფეხბურთის საყურებლად მიდის სტადიონზე და ამისთვის საჭიროა ნიჭიერი და მაღალი ხარისხის ფეხბურთელები.
მზადაა ხვიჩა ევროპის ტოპლიგისთვის? ეს მისი გადასაწყვეტია. ვისურვებდი, რომ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად მოეკიდოს, რადგან აქ მოქმედებენ აგენტები, მშობლები - მთელი გარემო. რომელ ჩემპიონატს ვურჩევდი? როდესაც რჩევას მკითხავს, მაშინ ვურჩევ“, - თქვა სიომინმა.
ამავდროულად, რუსულმა გამოცემა Business Online-მ ხვიჩას „რუბინიდან“ წასვლის ალბათობა 95%-ით შეაფასა. გამოცემა წერს, რომ ექვსი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ოფიციალური წინადადება ჯერ „რუბინს“ არ მიუღია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. ყაზანური გუნდი ხვიჩას სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. საინტერესოა, რომ „რუბინმა“ დღეს ოფიციალურად დაიმატა მონტენეგროელი შემტევი სეად ჰაკსაბანოვიჩი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მან გასულ სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.