რუსი ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სიახლეს ავრცელებს. როგორც მან ტელეგრამში დაწერა, მამუკა ჯუღელი იტალიაში გაფრინდება და „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება.
გარდა ამისა, არუსტამიანის თქმით, კახა კალაძემ პაოლო მალდინისთან კვარაცხელიას კარგი რეკომენდაცია გაუწია, მათ კი თბილისში, ესპანეთთან მატჩზე სკაუტები გამოგზავნეს.
„ევროპული გუნდები ხვიჩასთან და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებენ. რამდენადაც მე ვიცი, აგენტი, მამუკა ჯუღელი გაფრინდება იტალიაში, სადაც ის მოლაპარაკებებს „მილანისა“ და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან გამართავს. მხარეები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ. იტალიაში, „ნაპოლიც“ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, კახა კალაძე იტალიაში ხვიჩასთვის კარგ საქმეს აკეთებს. „მილანის“ ლეგენდას აქტიურად ეკითხებიან აზრს ხვიჩას პოტენციალის შესახებ და ისიც საუკეთესო რეკომენდაციებს იძლევა. კალაძემ კვარაცხელიას თემა არა მარტო აგენტებთან, არამედ „მილანის“ ტექნიკურ დირექტორთან და ასევე თავის ყოფილ თანაგუნდელ პაოლო მალდინისთან განიხილა. მათ კი თბილისში, საქართველო - ესპანეთის მატჩზე თავისი წარმომადგენლებიც გამოაგზავნეს“, - წერს ტელეგრამში არუსტამიანი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 თამაშში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. მან დღეს „სოჭის“ ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაუტანა. ცნობისთვის, ნობელ არუსტამიანი ის ადამიანია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხვიჩას შესახებ საინტერესო ფილმი გადაიღო და მის გარშემო სიტუაციას კარგად იცნობს.