ხვიჩა კვარაცხელია საოცარ ფორმაშია! ქართველმა შემტევმა სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბშიც ფანტასტიკურად წარმოაჩინა თავი. რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ყაზანის „რუბინმა“ „სოჭის“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ეს გამარჯვების გოლი ხვიჩას ანგარიშზეა. ლეონიდ სლუცკიმ სანაკრებო მატჩებისა და ბევრი მგზავრობის გამო ქართველი სათადარიგო სკამზე დატოვა დასვენების მიზნით, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ მის გუნდს გაუჭირდა, მოედანზე შეუშვა. ეს 46-ე წუთზე მოხდა. კვარაცხელიამ 71-ე წუთზე დაახლოებით 25-30 მეტრიდან დაარტყა და ბურთმა საოცარი ტრაექტორია მოხაზა - მეკარეს არაფერი შეეძლო!
ამ გოლით „რუბინმა“ 1:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ძალიან ახლოსაა. ყაზანელები სეზონის ფინიშამდე 6 ტურით ადრე 40 ქულა აქვთ, მეოთხე ადგილზე არიან, სამეულს კი მხოლოდ 3 ქულა აშორებთ.
ხვიჩა კვარცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 თამაშში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა.