საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „კარტახენას“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანეთის ლა ლიგა 2-ის XXIX ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. 26 წლის ფეხბურთელის თამაში გასული უიქ-ენდიდან ცნობილმა გამოცემა As-მა გამოარჩია.
აბურჯანიამ „პონფერადინასთან“ შესანიშნავი გოლი გაიტანა და სხვათა შორის, გულშემატკივართა გამოკითხვით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
„მიუხედავად იმისა, რომ „კარტახენამ“ ვერ მოიგო, ბედნიერი უნდა იყოს, რადგან ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ძალზე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ანგარიში გიორგი აბურჯანიამ ბრწყინვალე გოლით გახსნა - ბურთი მკერდზე მიიღო და მარჯვენა ფეხით დაარტყა. ბურთი კარში შესვლამდე ძელს მოხვდა. ეს მისი პირველი გოლი იყო „კარტახენას“ მაისურით“, - წერს As-ი აბურჯანიას თამაშის დახასიათებისას.
შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია „კარტახენას“ იანვარში „ოვიედოდან“ შეუერთდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა - 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. გიორგი და მისი გუნდი 22 მარტს, უშუალო კონკურენტ „ალბასეტეს“ ეწვევიან, შემდეგ კი ქართველი კლუბს 3 მატჩით გამოაკლდება, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.