ფეხბურთი

20:49 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატი ფეხბურთელი: "ხვიჩას პრობლემა ქართული პასპორტია, თორემ უკვე "რეალში" ან "ბაიერნში" ითამაშებდა"
"კვარაცხელია ესპანელი ან ბრაზილიელი რომ იყოს, ახლა გრანდში იქნებოდა"

ხორვატიის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესოდ ისაუბრა. 23 წლის ფეხბურთელმა Sport-express-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხვიჩას მთავარი პრობლემა ქართული პასპორტია, თორემ უკვე მადრიდის „რეალის“ ან მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი იქნებოდა.

ურემოვიჩი ფიქრობს, რომ ევროპაში სკაუტები, აგენტები და პრეზიდენტები პასპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ და მათ ესპანელი ან არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნიათ რუსეთის, ხორვატიის ან საქართველოს მოქალაქე მოთამაშეებს.

„რუბინში“ ბევრი ხარისხიანი მოთამაშე გვყავს. იგივე, ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და მალე ევროპის დიდ გუნდში ითამაშებს. მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი. მაგრამ, რაც მთავარია, კარგად ესმის ფეხბურთი. არიან მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ დარტყმა, სისწრაფე, მაგრამ თამაშს ვერ გრძნობენ და არ აქვთ კარგი სათამაშო ინტელექტი, ხვიჩას კი აქვს. ეს უბრალოდ ღვთის საჩუქარია.

როდესაც ის პირველად ვნახე, ყაზანში ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. მაშინვე ვთქვი, რომ მას აქვს კარგი თვისებები, რომ ის არის ტალანტი. ვგრძნობდი, რომ ის ნათელი და ქმედითი მოთამაშე გახლდათ, ეს მაშინვე აშკარა იყო. თუმცა, არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ქართველი.

საერთოდ, ხვიჩა ბრაზილიელი ან ესპანელი რომ იყოს, ის მადრიდის „რეალში“ ან „ბაიერნში“ უკვე ითამაშებდა. მისთვის ქართული პასპორტი პრობლემაა. იქ ხომ ხალხი მოქალაქეობას უყურებს. ევროპაში, სკაუტი, აგენტი თუ პრეზიდენტი ამჯობინებს ესპანელ ან არგენტინელ ფეხბურთელს, ვიდრე რუსული, ხორვატული ან ქართული პასპორტის მქონე მოთამაშეს. თანამედროვე რეალობა ასეთია. თუმცა, ვიმედოვნებ, ხვიჩა წარმატებას მიაღწევს და ევროპაში დიდ კარიერას გაიკეთებს“, - განაცხადა ურემოვიჩმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 მატჩში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. აქვე გეტყვით, რომ ფილიპ ურემოვიჩი „რუბინში“ 2018 წლიდან თამაშობს, ხორვატიის ნაკრებში კი დებიუტი 2020 წელს ჰქონდა და უკვე 6 მატჩის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109119