„დინამო“ – „ფეიენოორდის“ თბილისური მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დინამო თბილისი“ მომდევნო საშინაო მატჩს ევროტურნირებზე მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
„დინამო თბილისი" უეფას ეგიდით მომდევნო საშინაო მატჩს დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ ჩაატარებს თავისი გულშემატკივრების რასისტული ქცევისთვის. ქართული კლუბი ვალდებულია ააწყოს ბანერი წარწერით #Equalgame უეფას ლოგოს გამოსახულებით, რომელიც უნდა განთავსდეს სამხრეთ ტრიბუნების 1, 2 და 18 სექტორში. გარდა ამისა, „დინამო“ დაჯარიმდა 50 ათასი ევროს ოდენობით“, - წერია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
აღნიშნული სანქციის მიზეზი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გაბალასთან" მატჩში გულშემატკივრების მიერ რასისტული ქცევა გახდა.
შეგახსენებთ, „დინამო“ 15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუხვდება. უეფას გადაწყვეტილების გასაჩივრება კი მომდევნო 5 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი და როგორც თბილისური გუნდის ვებგვერდი წერს, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.