ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყო. დაიწყო სენსაციურად, ყაზახეთის ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა და უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. ამ მატჩის შესახებ უკვე გიამბეთ, ახლა დანარჩენებზე.
იმავე, I ჯგუფში ცენტრალური მატჩი ბელგიისა და რუსეთის ნაკრებთა შორის გაიმართა. რუსებმა „წითელ ეშმაკებს“ წინააღდმეგობა ოდენ ერთი ტაიმი გაუწიეს. იური ტილემანსის სწრაფ გოლს დენის ჩერიშევმა სწრაფადვე უპასუხა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ბელგიელები მეორედ შეძლეს წინ გასვლა. მატჩის გმირი კი ედენ აზარი გამოდგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ბელგიამ შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო.
ჯგუფის მესამე მატჩში კვიპროსმა უსუსურ სან მარინოს ძალიან ადვილად, 5:0 აჯობა და წელი წარმატებით დაიწყო.
C ჯგუფში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ბელარუსი ჰოლანდიას ეწვია და უშანსოდ დამარცხდა. რონალდ კუმანის გუნდმა საწყის წუთებშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი და მერე ანგარიშის სხვაობაც გაზარდა. მემფის დეპაი დუბლით გამოირჩა, რასაც ლივერპულელების ჯორჯინიო ვეინალდუმისა და ვირჯილ ვან დეიკის გოლებიც დაემატა.
ამავე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიამ ესტონეთის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
E ჯგუფში კინაღამ ხმაურიანი სენსაცია გამოცხვა. აზერბაიჯანის ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას ესტუმრა და 25 წუთი უგებდა, ხოლო 79 წუთი არ მარცხდებოდა. რამილ შეიდაევის გოლით ჩვენი მეზობლები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ. ბალკანელებმა ოდენ ტაიმის ბოლოს შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ანდრეი კრამარიჩმა ხორვატია სირცხვილს თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გადაარჩინა - 2:1.
სლოვაკეთის ნაკრებმა ამავე ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთს თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით დამაჯერებლად მოუგო - 2:0.
და ბოლოს, G ჯგუფში ცენტრალური მატჩი ვენაში შედგა. ავსტრიამ პოლონეთს უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. „მილანის“ ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი ეროვნულ ნაკრებშიც შეუჩერებელია, სწორედ მან გაიტანა ერთადერთი და გამარჯვების გოლი მასპინძელთა კარში.
მაკედონიამ ლატვიის ნაკრებს სკოპიეში აჯობა (3:1), ხოლო ისრაელისა და სლოვენიის ნაკრებები დაზავდნენ.
С ჯგუფი
ჩრდ. ირლანდია - ესტონეთი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 მაკგინი (56), 2:0 დევისი (75, პენ)
ჰოლანდია - ბელარუსი 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 დეპაი (1), 2:0 ვეინალდუმი (21), 3:0 დეპაი (55, პენ), 4:0 ვან დეიკი (86)
გერმანიამ პირველი ტური გამოტოვა
E ჯგუფი
ხორვატია - აზერბაიჯანი 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 შეიდაევი (19), 1:1 ბარიშიჩი (44), 2:1 კრამარიჩი (79)
სლოვაკეთი - უნგრეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 დუდა (42), 2:0 რუსნაკი (85)
უელსმა პირველი ტური გამოტოვა
G ჯგუფი
ავსტრია - პოლონეთი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პიონტეკი (69)
მაკედონია - ლატვია 3:1 (2:0)
გოლები: 1:0 ალიოსკი (11), 2:0 ელმასი (29), 2:1 ისაიევსი (87), 3:1 ელმასი (90)
ისრაელი - სლოვენია 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 სპორარი (48), 1:1 ზაჰავი (55)
I ჯგუფი
ყაზახეთი - შოტლანდია 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 პერტსუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ჟაინუტდინოვი (51)
კვიპროსი - სან მარინო 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 სოტირიუ (19, პენ), 2:0 სოტირიუ (23, პენ), 3:0 კუსულოსი (26), 4:0 ეფრემი (31), 5:0 ლაიფისი (56)
ბელგია - რუსეთი 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ტილემანსი (14), 1:1 ჩერიშევი (16), 2:1 აზარი (45, პენ), 3:1 აზარი (88)