ფეხბურთი

11:50 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: მუნდიალს მონატრებულნი
მაროკოს ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 27 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. ამჯერად B ჯგუფის მონაწილეების შესახებ ვსაუბრობთ და დღეს მაროკოს ნაკრებს გავეცნობით.

მონაწილეობა – 5

მაროკო მსოფლიოს ჩემპიონატს 20-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. აფრიკელები პლანეტის მთავარ ფორუმზე ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში იყვნენ. იქიდან მოყოლებული კი, მათთვის მუნდიალი მიუღწეველი ეტაპი გახლდათ. ჯამში მაროკოსთვის ეს იქნება მეხუთე გამოჩენა მსოფლიოს ჩემპიონატზე. დებიუტი 1970 წელს მექსიკაში ჰქონდა. მექსიკაშივე ჩაატარა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ტურნირი, ოღონდ 1986 წელს.

საუკეთესო შედეგი – მერვედფინალი (1986)

მაროკოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მუნდიალი 1986 წელს, მექსიკაში იყო. აფრიკელები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ ამას მათთვის პრობლემა არ შეუქმნია. პოლონეთთან და ინგლისთან უგოლო ფრეების შემდეგ პორტუგალიას 3:1 აჯობეს და ბევრისთვის მოულოდნელად ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

აი, მერვედფინალში კი, მაროკომ სენსაცია ვეღარ მოახდინა და მომავალ ფინალისტ დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა – 0:1. ჯერჯერობით მაროკოს ნაკრებისთვის ეს იყო მაქსიმუმი – 1/8 ფინალი.

აი, დანარჩენ სამ შემთხვევაში “ლომები” ჯგუფს ვერ გაცდნენ. 1970 წელს, ასევე მექსიკაში დასავლეთ გერმანია, პერუ და ბულგარეთი აღმოჩნდნენ მასზე წინ (ერთი ქულა), 1994 წელს, აშშ-ში საერთოდ ქულა ვერ მოიპოვეს. დამარცხდნენ რა, ჰოლანდიასთან, საუდის არაბეთთან და ბელგიასთან. გაცილებით წარმატებული იყო ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი – 1998 წელს საფრანგეთის მინდვრებზე ჯგუფში მაროკომ ერთადერთი თამაში წააგო (ბრაზილიასთან 0:3), მაგრამ 4 ქულა მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი (ნორვეგიასთან 2:2, შოტლანდიასთან 3:0).

გზა რუსეთამდე

მაროკოს ნაკრების აფრიკის შესარჩევი ციკლის ჩ ჯგუფში ფავორიტად სულაც არ განიხილებოდა და სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ კოტ დივუარის ნაკრებს გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა რუსეთში გამგზავრების. თუმცა, “ლომებმა” დიდებულად განვლეს მთელი ეტაპი და წაუგებლად, პირველ ადგილზე დაასრულეს. მაროკომ 3 მატჩი მოიგო, 3 ფრე ითამაშა და მეორე ადგილზე გასულ კოტ დივუარს 4 ქულით აჯობა.

რუსეთში გასავლელი გზა

15 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. მაროკო – ირანი

მაროკოს ნაკრებისთვის 20-წლიანი ლოდინი 15 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, ირანთან მატჩით დასრულდება. აფრიკელები აზიელებთან პირად შეხვედრებში მოუგებლად იმყოფებიან: 2 თამაში, 1 ფრე, 1 წაგება. 1978 წლის 15 სექტემბერს, ირანმა 2:0 იმარჯვა, ხოლო 2002 წლის 17 სექტემბერს, გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.

20 ივნისი, 2018, მოსკოვი. პორტუგალია – მაროკო

სამაგიეროდ, მაროკოელს მშვენიერი მოგონებები აკავშირებთ პორტუგალიის ნაკრებთან. 1986 წლის 11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში აფრიკელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, 3:1 დაამარცხეს, თავად პლეი-ოფში გავიდნენ და პორტუგალია ჯგუფში ჩატოვეს. აღნიშნულ შეხვედრაში აბდერაზეკ ხაირიმ დუბლი გაიფორმა, ერთიც მერი კრიმაუმ შეაგდო. ევროპელებმა ბოლოსკენ დიამანტინიოს გოლით ანგარიში დაასველეს.

25 ივნისი, 2018, კალინგრადი. ესპანეთი – მაროკო

მაროკოს ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს მაროკოს ნაკრებთან. 2 მატჩი და ორივე წაგება. ეს შორეულ 1961 წელს მოხდა, როდესაც 1962 წლის მუნდიალის შესარჩევში პირინელებმა ჯერ სტუმრად მოიგეს 1:0, მერე შინ 3:2 და მუნდიალის საგზური თავად მიიღეს.

კონტიგენტი

მაროკოს ნაკრების კონტიგენტი ვარსკვალებით დახუნძლული ნამდვილად არაა, მაგრამ აფრიკული გუნდის კვალობაზე, მართლაც ნორმალური შემადგენლობაა. მედჰი ბენატია, ნაბილ დირარი, იუნს ბელანდა, ნორდინ ამრაბატი, მბრაკ ბუსუფა, კარიმ ელ აჰმადი, ჰაკიმ ზიეხია, აჩრაფ ჰაკიმი და სხვები. მაროკოს ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატებში და მათ შორის, წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

მაროკოს ნაკრების ყველაზე სახელოვანი ფიგურა კაპიტანი მედჰი ბენატია გახლავთ. ვერ ვიტყვთ, რომ ვარსკვლავია, მაგრამ მაროკოში ნამდვილად ასეა და რაც მთავარია, ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრია. ბენატიას მიმდინარე სეზონი გამორჩეული ჰქონდა და ლეონარდო ბონუჩის “იუვენტუსიდან” წასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა. ახლახან, იტალიის თასის ფინალში მიუხედავად პოზიციისა (ცენტრალური მცველი) დუბლიც შეასრულა.

ბენატიას კარიერა “მარსელის” აკადემიაში დაიწყო, მაგრამ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. იჯარით “ტურში” და “ლორიენში” იყო, ხოლო 2008 წელს “კლერმონს” შეუერთდა და პროგრესიც დაეტყო. 2010 წლიდან უკვე იტალიაში გადაინაცვლა და “უდინეზეს” ჩინებული სამი სეზონი გაატარა. მერე “რომა” გამოდგა ის გუნდი, სადაც მედჰიმ მაღალ დონეზე ითამაშა და მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესი დაიმსახურა. “ბაიერნში” ორი სეზონი გაატარა, მაგრამ არცთუ ისე წარმატებით. 2016 წლიდან კი, “იუვენტუსის” ღირსებას იცავს.

რაც შეეხება სანაკრებო დონეს – მაროკოს ნაკრებში პირველად 2008 წელს ითამაშა (ზამბიასთან). მას შემდეგ ბენატიას აქტივში 53 შეხვედრა და 2 გოლია. სადებიუტო გოლი ნაკრების მაისურით 2011 წლის ივლისში ალჟირის ნაკრებს გაუტანა, მაგრამ უფრო ფასეული გამოდგა მეორე გოლი, რომელიც 2017 წლის 11 ნოემბერს, კოტ დივუარის ნაკრებს გაუტანა. სწორედ ამ მოგებით გაინაღდა მაროკოს ნაკრებმა მუნდიალის საგზური. ნამატჩევს ბენატია იტყვის: “ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი”.

მწვრთნელი

მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერვე რენარის ხელმძღვანელობით მივიდა. 49 წლის ფრანგი სპეციალისტი, რომელსაც აქამდე დიდი წარმატებები სამწვრთნელო კარიერაში არ ჰქონია.

რენარმა პირველი ნაბიჯები “დრაგინიანში” გადადგა, საიდანაც 2002 წელს ჩინურ “გუანჯოუს” მიაშურა. მერე ევროპას დაუბრუნდა მცირე ხნით ინგლისურ “კემბრიჯ იუნაიტედსა” და “ფრანგულ “შერბურს” ავარჯიშებდა. აქედან მოყოლებული რენარი მიხვდა, რომ აფრიკის გზას უნდა დასდგომოდა. განა, ზამბია, ანგოლა, კოტ დივუარი და მაროკო – ეს, იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, სადაც უმუშავია. შუალედებში კი იყო სამშობლოში დაბრუნება ორჯერ, როდესაც ჯერ “სოშო” ჩაიბარა, მერე “ლილი”.

ფრანგმა სპეციალისტმა ყველაზე დიდ წარმატებას ზამბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებთან ერთად მიაღწია. ზამბიამ 20102 წელს აფრიკის თასი ისტორიაში პირველად მოიგო და მთავარი მწვრთნელი სწორედ რენარი იყო. ის, ამ ქვეყანაში ჯერ 2008-2010, ხოლო შემდეგ 2011-2013 წლებში მუშაობდა. რენარმა აფრიკის თასი მეორედ 2015 წელს მოიგო, ოღონდ უკვე კოტ დივუარის ნაკრების თავკაცის პოსტზე. კოტ დივუარმა მეორედ მოიგო აფრიკის ეროვნებათა თასი. ტიტულის მოპოვების შემდეგ რენარი “ლილის” მთავარი მწვრთნელი გახდა, მაგრამ ეს წარუმატებელი სხვა გამოდგა.

მაროკოს ნაკრების გაწვრთნა კი, 2016 წელს მიანდეს და პირველივე ცდაზე გუნდი ტრიუფმამდე მიიყვანა. ნიშანდობლივია, რომ რენარის მაროკომ მუნდიალს მიღმა მისი ყოფილი გუნდი, კოტ დივუარი დატოვა.

მაროკო – ტიტულები

აფრიკის თასი (1): 1976

არაბეთის ერების თასი (1): 2012

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114977