რაღა დარჩა, ორი კვირაც და საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო მატჩები დროებით ჩაანაცვლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩებს თბილისში, უელსთან და ბელგრადში, სერბეთთან ჩაატარებს.
იქამდე კი, სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ კვირაში ევროპის სტადიონებზე საკმაოდ ბევრი ქართული გოლი გავიდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ WORLDSPORT.GE მაქსიმალურად ოპერატიულად გაწვდიდათ ინფორმაციას, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, ბოლო 7 დღის ქართული ლეგიონის მონაგარი ასე რომ ვთქვათ, ერთად აგვეკინძა.
ქართული ლეგიონის 1 კვირა
ბოლოს ცუდი პერიოდი ედგა მათე ვაწაძეს, მაგრამ ქართველი ფორვარდი ხასიათზე მოვიდა და გოლების გატანაც ჩვეულად შეუდგა. მათემ ჯერ დანიის სუპერლიგაში “ოდენსესთან” მოაგებინა “სილკებორგს”, მერე კი, დანიის თასზე დუბლი გაიფორმა.
იქვე, ვაწაძის თანაგუნდელი დავით სხირტლაძეც არ ყოფილა უსაქმოდ: ქართველმა შემტევმა სათასო მატჩში გოლიც გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. გამოსარჩევია, რომ ორჯერვე მათეს გაუწია პარტნიორობა.
კარგი ამბები გვაქვს რუსეთის პრემიერლიგიდანაც: 6 თვიანი იძულებითი უქმობის მერე მოედანს დაუბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი და თანაც, გოლით. ჩვენებურმა “ანჟის” კარში საკონტროლო გასროლა მოახდინა. შემდეგ იყო, თასის მატჩი “ტომთან”, სადაც ოქრიაშვილმა მეორე ტაიმი დაჰყო მინდორზე და ერთ ეპიზოდში ულამაზესი გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა. ცალსახაა, რომ თორნიკე საუკეთესო ფორმისგან შორსაა, თუმცა ასეთი ხანგრძლივი პერიოდის გაცდენის მერე ეს ბუნებრივიცაა. რაც მთავარია, კარგად დაბრუნდა და სანაკრებო პაუზამდეც არის დრო, რომ უკეთეს ფორმაში შევიდეს.
უგოლო კვირა არც სოლომონ კვირკველიას ჰქონია – 25 წლის მცველმა “კრილია სოვეტოვს” მსაჯის კომპენსირებულ დროში გაუტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ იქ “ლოკომოტივი” დამარცხდა და ტიტული, რომელიც შარშან თავად მოიგო, ვერ დაიცვა.
რუსულ მინდვრებზე გასულ კვირაში მეტი ქართული გოლი არ გასულა, მაგრამ საგოლე პასები დარიგდა: გიორგი ნავალოვსკიმ პრემიერლიგაში გროზნოს “ახმატთან” გაატანინა თანაგუნდელს, როცა მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩინებულად ჩაერთო.
ჯანო ანანიძემ კი, სანაკრებო პაუზის მერე ერთი მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე – “სპარტაკს” ქართველი “ფანტაზისტა” რუსეთის თასზე, “ყუბანთან” ორი საგოლე პასით შეეწია და ლომის წილი დაიდო კრასნოდარში გამარჯვებაში – 2:0.
პოლონეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა “არკა” და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლუკა ზარანდიას დამსახურებაა. ახალგაზრდა ქართველმა “პოდბესკიძესთან” ჯერ საგოლე პასი გააკეთა, მერე დამატებით დროში 30 მეტრიდან ისეთი გოლი გაიტანა, ბარე-ორი ვარსკვლავი დაუფიქრებლად ხელს რომ მოაწერდა. საერთოდ, ლუკასთვის პოლონეთის თასი იღბლიანია. გეხსომებათ, შარშან ფინალში გაიტანა ასევე ზღაპრული სილამაზის და გამარჯვების მომტანი გოლი.
სათასო დაპირისპირებები დღევანდელ წერილში აქტუალურია: ესპანურ “სარაგოსაში” სადებიუტო გოლი მიითვალა გიორგი პაპუნაშვილმა. “დინამოს” ექსშემტევმა არაგონელებს “ლუგოსთან” მოაგებინა (1:0) და 1/16 ფინალში წარუძღვა საკუთარ გუნდს. აღვნიშნოთ, რომ პაპუნაშვილის გოლი ლამაზი სანახავი გამოდგა და ნახვად ნამდვილად ღირს.
ავსტრიის თასზეც გავიდა ქართული გოლი – “რაპიდმა” ქვედალიგელ “ელექტრას” 4:0 მოუგო, ხოლო გიორგი ქვილითაია მოვლენათა ეპიცენტრში იყო: ჩვენებურმა ჯერ გოლი გაიტანა, მერე ორჯერ მიიღო გაფრთხილება, რაც ავტომატურად წითელ ბარათად ექცა.
ლატვიის ჩემპიონატის ბოლო ტურში რფს-მა “სპარტაკსს” 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი ლაშა შერგელაშვილის აქტივშია. მარცხენა მცველმა ფანტასტიკური სილამაზის გოლი შეაგდო: მეკარეს დაასწრო და უკიდურესად მახვილი კუთხიდან, თანაც, შორი დისტანციიდან ბურთი კარის ბადეში გაახვია.
კვირას ქართული გოლების გარეშე არც ფინეთში, ესტონეთსა და სამხრეთ კორეაში ჩაუვლია: ირაკლი სირბილაძემ “გნისტანთან” გაიტანა, მაგრამ “კოკოლა” დამარცხდა (1:2). ესტონეთში მე-15 გოლი ჩაიწერა აქტივში ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომელიც “ფლორას” “პაიედესთან” (2:1) გამარჯვებაში დაეხმარა. სამხრეთ კორეაში თავი ლევან შენგელიამ გამოიჩინა – “ტეჯონმა” “გიონამს” 2:1 მოუგო, ხოლო ჩვენებურმა 90-ე წუთზე, გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო.
და ბოლოს, ქართული გოლი არ გასულა, მაგრამ მაინც გამოვარჩიოთ, რომ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა დავით ხოჭოლავა, რომელმაც “შახტარის” ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და დამაჯერებლადაც.