ფეხბურთი

22:35 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია – გოლი ისევ ბოლო წუთზე (+VIDEO)

სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივი” რუსეთის თასიდან მოულოდნელად გავარდა, თუმცა თავად ქართველს ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია. მეტიც, გოლი გაიტანა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე და დამატებით დროში გადაიყვანა საქმე. კვირკველიას გოლმა სამარის “კრილიასთან” 2:2 გახადა ანგარიში, დამატებითში კი ქართველის გუნდმა ერთი ბურთი გაუშვა და გათანაბრება ვეღარ შესძლო – 2:3. სხვათა შორის, "ლოკომოტივი" რუსეთის თასის გასული სეზონის გაამრჯვებულია, თუმცა ახლა ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოხდა, რომ სოლომონ კვირკველიამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა გოლი.

რუმინეთის ჩემპიონატში აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანმა” შინ 0:0 ითამაშა ერთ-ერთ ლიდერ “ასტრასთან”. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე. “გაზ მეთანი” ბოლოსწინა პოზიციაზეა.

ბუქარესტის “იუვენტუსმა”, სადაც ნიკა ძალამიძე ირიცხება, სტუმრად 0:3 წააგო გეორგე ჰაჯის გაწვრთნილ “ვიტორულთან”. ქართველი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია. მისი გუნდი ბოლო საფეხურზეა.

ახლა მწვრთნელ ლეგიონერზეც. უზბეკეთის ჩემპიონატში, შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” ტაშკენტურ დერბიში სტუმრად 1:0 მოუგო ლიდერ “ლოკომოტივს”. შოთას გუნდი მეორე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება “ლოკომოტივს”, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც კახა მახარაძეა.

0.113082