ლევან მჭედლიძემ “მილანის” კარში ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მისთვის ეს თამაში ფეერიულ ნოტაზე სულაც არ დასრულებულა. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა მცველ დავიდე კალაბრიასთან ორთაბრძოლისას დაშავდა.
ჯერჯერობით ტრავმის ხარისხის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა, მაგრამ Sky Sport-ის ინფორმაციით, მას მარცხენა მუხლზე აღენიშნება დაზიანებები, რომელიც წინასწარი ვარაუდით ისეთი მძიმე არ უნდა გამოდგეს, როგორც ეს ერთი შეხვედვით ჩანდა. ამ დროისთვის კი, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება და წესით ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს, როდესაც ლევანს სამედიცინო გამოკვლევა დეტალურად ჩაუტარდება.
ქართველის თაობაზე "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი მარტუშიელომაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არ უნდა გამოდგეს:
"მან დარტყმა მუხლის არეში მიიღო, თუმცა არმგონია, ტრავმა სერიოზული იყოს. ლევანი რჩება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ", - თქვა მარტუშიელომ.
თავის მხრივ, ტრავმაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:
"ჯერჯერობით ტრავმა სერიოზული არ ჩანს. ხვალ ყველაფერი ზუსტად გაირკვევა. მადლობა ყველას მოლოცვისათვის და მოკითხვისათვის!", - დაწერა სოციალურ ქსელში მჭედლიძემ.
არადა, მჭედლიძე მართლაც კარგ სეზონს ატარებს და დიდწლილად მისი დამსახურებაა, რომ ამჟამად “ემპოლი” გასავარდნ ზონაში არ იმყოფება. ტრავმების გამო ჩვენებურმა 33 მატჩიდან მხოლოდ 15-ში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო – ეს კი, ტოსკანურ გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.