ჩოგბურთი

17:33 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო (+VIDEO)

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მძიმე ბრძოლაში კარიერის ყველაზე უხერხული მეტოქე, ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3 (VIDEO) დაამარცხა და მე-18 დიდი სლემის გამარჯვებული გახდა. დიდ ტურნირებზე კი შვეიცარიელმა მაესტრომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა მეხუთედ მოიგო. ურთიერთშეხვედრებში კი ნადალთან სხვაობა შეამცირა - 12:23. დიდი სლემის ტურნირების ფინალში კი როჯერს ესპანელისთვის 2007 წლის უიმბლდონის შემდეგ მოგებული არ ჰქონდა.

განვლილი შეხვედრის პირველი სეტი თანაბრად წარიმართა და არც-ერთ გეიმში თანაბარი არ დაფიქსირდა. მეშვიდე გეიმზე ნადალი დაბრეიკდა და როჯერმა საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტში კი რაფამ ძალა მოიკრიბა და მეტოქის ზედიზედ მოწოდების შემდეგ 4:0 დაწინაურდა. მართალია ამის შემდეგ შვეიცარიელმაც დააბრეიკა, თუმცა ეს უფრო პრესტიჟის თამაში იყო, რადგან როჯერი ამ სეტში წაგებას უკვე შეჩვეული იყო და ენერგია ზედმეტად არ დახარჯა.

მესამე სეტის დასაწყისში ნადალმა მეტოქის დაბრეიკება სცადა, თუმცა ამაოდ და დაისაჯა კიდეც. ესპანელმა თავისი მოწოდება დათმო, შემდეგ მეექვსე გეიმიც წააგო და ფედერერმა დიდი უპირატესობით და რაც მთავარია ლამაზი თამაშით სეტი მოიგო.

საჩოგბურთო კლასიკად წოდებული ფინალის ვნებათაღელვა კი მეოთხე სეტიდან უფრო დაიწყო, რადგან რაფას უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. მართლაც ესპანელმა ფსიქოლოგიური სიმტკიცე გამოავლინა და ფედერერი შეცდომებით ეხმარებოდა. შვეიცარიელი ბადეს ბურთს ხშირად არტყამდა და გასაკვირი არცაა, ნადალტან მატჩის დროს როჯერი ტრადიციულად მეტოქეზე მეტ შეცდომას უშვებს. შვეიცარიელი მეოთხე გეიმზე დაბრეიკდა და ამის შემდეგ ვერაფერს გახდა.

გადამწყვეტი მეხუთე სეტი ფედერერისთვის ცუდად დაიწყო და პირველივე მოწოდებაზე დაბრეიკდა. ამის შემდეგ კი შვეიცარიელი ცოტა გონს მოეგო და ცდილობდა ნაკლები შეცდომა დაეშვა და მეტოქის ნახევარზე ბურთი უფრო ზუსტად გადაეტანა. ამ სიფრთხილემ გაამართლა. მეორე გეიმზე ნადალს დიდი ოფლისღვრა დასჭირდა და მაინც მოიგო. ფედერერმა სხვაობა მალევე შეამცირა და თავის შანსს დაელოდა. ესპანელი კვლავ ცეცხლს ეთამაშებოდა და ანგარიშში რამდენიმე თანაბარი სხვაობის შემდეგ კვლავ მოიგო. აშკარად ჩანდა, რომ ფედერერი უფრო კარგად გამოიყურებოდა და გულშემატკივრებს საჩუქარს უმზადებდა. მომდევნო გეიმი როჯერმა მოიგო და ნადალის მოწოდებაზე დიდი ბრძოლის შემდეგ შეხვედრაში გარდატეხა მოახდინა და ანგარიში 3:3 გახადა, ამ ყველაფერის შემდეგ კი მცირე დროში 4 ქულა იოლად მოიპოვა და წინ გავიდა. შექების ღირსია ნადალი, რომელმაც მერვე გეიმზე 0:40-ს აგებდა და თამაშის შემოტრიალება სცადა, გაათანაბრა და წინაც გავიდა, თუმცა ფედერერმა ესპანელს გონს მოგება კარგად არ აცალა, რომ კიდევ დააბრეიკა.

მეხუთე სეტის ბოლო გეიმშიც იბრძოლა ესპანელმა 40:15-ს იგებდა და შანსი ჰქონდა, თუმცა ფედერერმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა, ანგარიში გაათანაბრა, წინ გავიდა და საბოლოოდ გამარჯვებული ვიდეოგამეორებამ გამოავლინა. ფედერერის დარტყმული ბურთი ერთი შეხედვით კორტს მიღმა დაეცა, თუმცა გამეორებამ ბურთი მოედნის შიგნით დააფიქსირა და ფედერერი კორტზე სიხარულისგან ატირდა.

გულშემატკივრებმა მართლაც დიდი სანახაობა მომსწრენი გახლდნენ, დასამახსოვრებელი მომენტები შეხვედრას ბევრი ჰქონდა. ფედერერი თამაშიდან გამარჯვებული 73-ჯერ გამოვიდა, ხოლო ნადალი - 35-ჯერ. რაც შეეხება შეცდომებს, როგორც აღვნიშნეთ ფედერერმა რაფასტან სტატისტიკა ვერ გამოასწორა და 57-ჯერ შეცდა, ხოლო ნადალი - 28-ჯერ. ეისებში კი როჯერმა მეტოქე დიდი უპირატესობით დაჯაბნა - 20:4.

ფედერერი და ნადალი აღნიშნული ტურნირის ფინალში ბოლოს 2009 წელს შეხვდნენ და მაშინ ესპანელმა 3:2 მოიგო. თავის მხრივ რაფა შეეძლო მე-15 სლემის მოგებით პიტ სამპრასის რეკორდი გაეუმჯობესებინა. სამაგიეროდ, ფედერერმა ლეგენდარული ამერიკელის შედეგი გაიმეორა. სამპრასმა თავისი ბოლო დიდი სლემი 2002 წელს მოიგო და მაშინ იგი ფედერერის მსგავსად მე-17 ნომერი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139141