ათენის აეკის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ. როგორც ბერძნული გუნდის ვებგვერდი წერს, ქართველი სპეციალისტი ათენში დიდი მიზნებით მიდის.
“დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა გამეწვრთნა ისეთი ისტორიული გუნდი, როგორიც აეკია. ახლა ვისაუბროთ ჩვენს მიზნებზე – ჩვენს წინაშე დიდი სამუშაოა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აეკი იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. გუნდში ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. კლუბი იმ დონეზე უნდა დავაბრუნოთ, როგორც დუშან ბაიევიჩის მწვრთნელობის პერიოდში იყო, თუმცა ეს არ იქნება ადვილი.
ყველა ფეხბურთელი მოედანზე უნდა ვნახო და ამის შემდეგ ვისაუბროთ ცვლილებებზე. მთავარი ისაა, თუ რას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, რადგან დიდი მიზნები გვაქვს. ვიცი, გუნდი რასაც ნიშნავს – მინდა აეკი ვარსკვლავური გუნდი გახდეს”, - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა წარდგენისას.
იქვე, ქეცბაიას შესახებ ათენური გუნდის ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ბაიევიჩმაც ისაუბრა (ბაიევიჩი აეკს 1988-1996, 2002-2004 და 2008-2010 წლებში წვრთნიდა, ახლა კი, გუნდის დირექტორია):
“თემური კარგი მწვრთნელია და აეკთან დიდი სიყვარული აკავშირებს. იგი მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ და მწვრთნელიც ასეთია – მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება აეკს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ”, - აღნიშნა ბაიევიჩმა.
შეგახსენებთ, ქეცბაიამ დღეს აეკთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.