ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე სტუმრად სომხური “ბანანცის” დამარცხების შემდეგ, რუსთავის “მეტალურგის” მეკარემ ზურაბ ბათიაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა, რომ განმეორებით შეხვედრაში ზედმეტად თავდაჯერება არ მართებთ, რადგან საკუთარ მოედანზე რთული თამაში ელით.
ზურაბ ბათიაშვილი: “პირველ ნახევარში უპირატესობა გვქონდა და ბურთს უფრო მეტად ჩვენ ვფლობდით. ტყემალაძეს ჰქონდა საგოლე მომენტი. დავალებაც გვქონდა, რომ ბურთი გაგვეკონტროლებინა, რაც გამოგვივიდა კიდეც. მითუმეტეს, მინდვრის ძალიან კარგმა საფარმა ხელი შეგვიწყო. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ. გოლი გავიტანეთ, მაგრამ ქობალიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ, დაცვას მეტ ყურადღებას ვაქცევდით. მასპინძლებმა ერთი-ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, დასახულ ამოცანას თავი კარგად გავართვით”.
- სტადიონზე რა ვითარება იყო და ადგილობრივი გულშემატკივარი თქვენს გამარჯვებას როგორ შეხვდა?
- პირველ ნახევარში გულშემატკივრები აკრიტიკებდნენ თავის გუნდს, ხოლო თამაში რომ დამთავრდა, ტაში დაგვიკრეს.
- კლუბის მიერ “მეტალურგის” გულშემატკივრების ერევანში გუნდის მხარდასაჭერად წაყვანამ ფეხბურთელებზეც კარგად იმოქმედა?
- გუნდისთვის ძალიან კარგია, როდესაც შენი გულშემატკივრის ხმა გესმის და მითუმეტეს, ადგილობრივისას ჭარბობს. ჩვენები კარგად გვქომაგობდნენ და ხშირ შემთხვევაში მასპინძლების ხმა გადაფარეს. მითუმეტეს, სასიამოვნოა, როდესაც ქომაგებს ერთნაირი მაისურები აცვიათ, კეპები ახურავთ, რომლებიც კლუბის ფერებშია გადაწყვეტილი.
- თავის დროზე, უეფას თასზე “ლოკომიტივმაც” მოუგო სტუმრად “ბანანცს”, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე ვეღარ გავიდა. ეს ფაქტი “მეტალურგს” დამშვიდების უფლებას არ უნდა აძლევდეს...
- რა თქმა უნდა, ჯერ დამთავრებული არაფერია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი მოტივაცია გვაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, იგივე დაგვემართოს, რაც “ლოკომოტივს”. ზედმეტად თავდაჯერებულნი არ ვართ და ვიცით, რომ სახლში რთული თამაში გველის.
- ირაკლი ქობალიას საქციელს, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი და ავტომატურად – წითელი გოლის აღნიშვნისთვის მიიღო, ალბათ, ფეხბურთელის ახალგაზრდული ასაკით ახსნი?
- გამოუცდელობის ბრალია. მაინც ახალგაზრდაა, ხოლო ევროთასებზე მსაჯები ზედმეტად მომთხოვნი არიან. გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა და მსაჯმაც არ აპატია. მითუმეტეს, ერთი ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. შეიძლება საქართველოში ამ ფაქტზე მსაჯს თვალი დაეხუჭა, ევროტურნირებზე კი, ასეთ რამეს არ გაპატიებენ.
- სლოვენიური შეკრება გუნდისთვის რამდენად ნაყოფიური აღმოჩნდა? ზამთრის პაუზამდე სათამაშო ფორმის შენარჩუნებას თუ შეძლებთ?
- ეს შეკრება დადებით შედეგს გამოიღებს – კარგი პირობები გვქონდა, სპარინგები კარგ გუნდებთან ჩავატარეთ. უბრალოდ, ჩვენ სეზონი ადრე დავიწყეთ და შესაბამისად, “ფორმაშიც” ადრე შევალთ. ასეთ დროს “ფორმის პიკის” შენარჩუნება ცოტა ძნელია, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ.
- როგორ თვლი, შემადგენლობის მხრივ “მეტალურგი” ამჟამად უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში?
- გუნდში კონკურენცია გაიზარდა. თითოეულ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრეტენზია ორ ფეხბურთელს მაინც აქვს. თან, გუნდის ბირთვიც შევინარჩუნეთ და უფრო შეთამაშებულნი ვართ, რაც თავის შედეგს გამოიღებს.
- არსებული შემადგენლობით “მეტალურგს” საქართველოს ჩემპიონობისთვის და თასისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია?
- ჩვენი მიზანი სწორედ ჩემპიონობისთვის და თასისთვის ბრძოლაა. ვნახოთ, რა იქნება. გრძელი სეზონია და მითუმეტეს, მომავალი ჩემპიონატი ახალი სისტემით ტარდება.
ლაშა თაბაგარი