სეზონის შუალედური ფინიშისთვის, გაჭირვებულ ქართულ კლუბთა ჩამონათვალში, ზუგდიდის “ბაიასაც” შევიყვანდით. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ გუნდის გასაჭირს, უახლოესი 5 თვით მაინც წერტილი დაესმება და იგი XXII ეროვნულ ჩემპიონატს უპრობლემოდ ჩაამთავრებს. ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი გახდა, “ბაიას” მთავარ მწვრთნელ, ელგუჯა ქომეთიანთან “მსოფლიო სპორტის” ინტერვიუდან.
- ბატონო ელგუჯა, ერთჯერად დახმარებაზეა საუბარი. კლუბის სპონსორობას ვინმე სერიოზულად ჰკიდებს ხელს?
- ჯერჯერობით, ისევ დაპირების დონეზეა, მაგრამ ისეთი კაციდან წამოვიდა ყოველივე, არა მგონია არ გამართლდეს. მოგეხსენებათ, ჩვენი მხარის გუბერნატორი, ზაზა გოროზია კლუბის საპატიო პრეზიდენტია, რომელმაც პირადი შეხვედრისას მითხრა, რომ ზუგდიდს გუნდი, უმაღლეს ლიგაში, აუცილებლად ეყოლება და მისი დაფინანსების პრობლემაც არ იქნება.
- ამ გუნდში ვინღა დარჩება, როგორც ვიცით, “ბაია” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა.
- იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად ჩემპიონატის პირველი ნახევარი ჩაამთავრეს, მხოლოდ 5 გამოგვაკლდება. აქედან, ლევან აკობია სომხეთში, მის უწინდელ გუნდ “ულისეში” დაბრუნდა, ივანე კანდელაკის ამჟამინდელი სამყოფელი არ ვიცით, ხოლო ლუკა გუგუჩია, თორნიკე ზარქუა და ნიკა კვეკვესკირი, ქართულ გუნდებში მაისის ბოლომდე გავანათხოვრეთ - პირველი ქუთაისის “ტორპედოში”, დანარჩენები კი თბილისის “დინამოში”.
დარჩენილებს რაც შეეხება, მათი ჩამონათვალი ასეთია: როინ ონიანი, გიორგი კვესეიშვილი, ლევან წურწუმია, შოთა ლომია, ირაკლი ეხვაია, ზვიად სიხარულია, დათა რიგვავა, ლაშა კუკავა, ირაკლი მალიჩავა, ლევან ვართაგავა, თამაზ აკობია, მურთაზ ჩანგელია, ნიკა აფაქიძე, კონსტანტინე ახალაია და მამუკა მაქაცარია. დაგვიბრუნდა გამოცდილი მეკარე, გიორგი სომხიშვილი, რომელმაც სეზონის მიმდინარეობისას, ახალგაზრდა კოლეგებს დაუთმო ასპარეზი. ასევე, ვიბრუნებთ წალენჯიხის “სქურში” განათხოვრებულ სამ ფეხბურთელს - ლაშა სვირავას, ბორის გუჯეჯიანსა და გიორგი ქირიას.
- უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გაძლიერებაც არ გაწყენდათ.
- კი, საჭიროა, მაგრამ შეზღუდული ფინანსური რესურსი გვექნება და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მოწვევას ვერ მოვახერხებთ.
- მაინც რა თანხის მიღების იმედი გაქვთ?
- სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე 200 ათასი ლარის დაფინანსების იმედი გვაქვს.
- ე.ი. გუბერნია გაფინანსებთ, თუ კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხდება?
- ზუსტად ვერაფერს ვამბობ. ჩემი ინფორმაციით, კერძო სპონსორი მოდის, მაგრამ ვინაა არ ვიცი.
- სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას როდის იწყებთ?
- 8 იანვარს ზუგდიდში ვიკრიბებით, 15-მდე ადგილზე დავრჩებით, მერე კი, თუ მოხერხდა, რომელიმე მაღალმთიან კურორტზე წასვლას ვაპირებთ - ბაკურიანში ან სვანეთში.
- სვანეთში ალბათ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის იმედად არ მიდიხართ...
- მესტიაში ადგილების მეტი რა არის, იმდენი სასტუმროები გაიხსნა. თან, ჩვენ ამ ეტაპზე, ერთკვირიან ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ აქცენტს. იქიდან რომ ჩამოვალთ, საკონტროლო მატჩებს ადგილზე დავგეგმავთ. სულ, სეზონის განახლებამდე, 5 სპარინგი გვინდა ჩავატაროთ.
- გუნდის სამწვრთნელო შტაბიც გაგვაცანით.
- ოთარ გაბელია კვლავ კონსულტანტად რჩება - მას წასვლის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. მეკარეების მწვრთნელია ზაალ ბულია, ხოლო ფიზმომზადებაში ალექსეი ალექსეევი გვეხმარება.
დუბლშემადგენლობას, ამჟამად, ოთარ თუთბერიძე წვრთნის, მაგრამ ვაპირებთ ამ პოსტზეც რომელიმე A ლიცენზიის მქონე მწვრთნელი მოვიწვიოთ.
- სამომავლო დაფინანსების პერსპექტივა გამოჩნდა, მაგრამ ძველ დავალიანებას რა ეშველება?
- დაპირებაა, რომ დავალიანებასაც ეტაპობრივად გავისტუმრებთო. სხვათა შორის, “ბაიადან” სეზონის მიმდინარეობისას წასულ არცერთ ფეხბურთელს, კლუბიდან გათავისუფლების ფურცლის მიღებისას, არავითარი პრობლემა არ შექმნია.
ფრიდონ კერვალიშვილი