სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:02 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონური ბლიც-კრიგი გურულებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა

 

საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ზესტაფონში ადგილობრივი კლუბისა და ლანჩხუთის “გურიას” შეხვედრით გაიხსნა. აუტანელი სიცხეების შემდეგ, მატჩის დღეს მშვენიერი სათამაშო ამინდი იყო, რაც გუნდებს ნორმალურ პირობებში თამაშის საშუალებას აძლევდა. გუნდების კაპიტნებმა თეიმურაზ ღონღაძემ და გიგა კვერენჩხილაძემ ეროვნული ჰიმნის ფონზე აღმართეს საქართველოს დროშა.

შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. დებიუტშივე მასპინძლებმა გატანა შეძლეს და კარგი განწყობა შეიქმნეს პაექრობის სათავისოდ დასასრულებლად. მე-7 წუთზე ლაშა გვალიამ მოედნის სიღრმიდან გააკეთა კარგი გადაცემა, რის შედეგადაც მასპინძელთა სამი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ლანჩხუთელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნას უშედეგოდ შეეცადნენ. დვალი, ფანცულაია და სარდალიშვილი იმერლიშვილთან იყვნენ დარჩენილნი, თუმცა გოლის გატანის მისია საკუთარ თავზე გამოცდილმა ჯაბა დვალმა აიღო, რომელმაც კიპერი მოატყუა და დაუცველ კარში უპრობლემოდ გაიტანა – 1:0.

ანგარიშში ჩამორჩენილმა გურულებმა ცადეს შეტევების განხორციელება. ყველაზე რეალური შანსი მათ მე-15 წუთზე მიეცათ, როდესაც მეგრელიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ფეხზე რენე ფერეირას აეჭრა და საკუთარი კარისკენ გაგზავნა. იმერთა იღბლად ბურთი მცირე მანძილით ასცდა მათ კარს. ამის შემდეგ მოედანზე მასპინძლები დომინირებდნენ, რომლებმაც რამდენიმეწუთიან მონაკვეთში ძალიან კარგი მომენტები შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. ჯერ ფანცულაიას ჩაწოდება გადააგდო კუთხურზე გაჭირვებით, შემდეგ კი კაპანაძის ჩინებული გადაცემის შემდეგ 100%-იანი შანსი სარდალიშვილს მიეცა, რომელმაც გატანა ვერ შეძლო. 24-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე ისევ დიდებულად ითამაშა თორნიკე კაპანაძემ, რომელმაც მეურვე მოხდენილად ჩამოიტოვა და ბურთი ღონღაძეს გადააწოდა. ფეროელთა კაპიტანმა ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანა და მეკარისთვის მოულოდნელად დაარტყა. იმერლიშვილმა ბურთის შეკავება ვერ მოახერხა და ზესტაფონელებმა ანგარიში გაზარდეს – 2:0. თითქმის მაშინვე ჯაბა დვალს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ მას გატანა იმერლიშვილმა არ დაანება, თუმცა გურულები მესამე გაშვებულ გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სარდალიშვილის ჩაწოდებულ ბურთზე ყველაზე ჩაუქი ფანცულაია აღმოჩნდა, რომელიც ბურთს საჭირო დროს და ადგილას დაუხვდა. შესაბამისად, ახალგაზრდა ფორვარდმა საკუთარი გუნდის უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა – 3:0.   

ბუნებრივია, მოვლენების ასეთმა განვითარებამ სტუმრებზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდად იმოქმედა და მათი თამაში კიდევ უფრო გაუფერულდა. ტაიმის ბოლომდე იმერლებს კიდევ რამდენიმეჯერ ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში “ზესტაფონის” ფორვარდები საჭირო სიზუსტეს ვერ ავლენდნენ. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც კაპანაძის “აბრაგანი” იყო, როდესაც იგი ამ ეფექტური დარტყმით დვალის ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა, მაგრამ მის ამ მცდელობასაც მხოლოდ სიზუსტე დააკლდა.

მეორე ტაიმი საწყისი პერიოდი საერთოდ ფორმალობად იქცა. მეტოქენი სათამაშო ჟინს ფაქტობრივად არც კი ავლენდნენ. მეორე ნახევრის დიდი დრო ისე გავიდა მოწინააღმდეგეებს მეკარეები არც კი შეუწუხებიათ. თუმცა სიტუაცია პაექრობის დასკვნით ნაწილში მაინც შეიცვალა. 73-ე წუთზე ისევ მასპინძლებმა გამოიღეს ხელი. ჭანკოტაძე-ჭანტურიშვილის ორსვლიანი კომბინაციის შედეგად “გურიას” კიპერთან პირისპირ ჯაბა დვალი დარჩა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა და ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა – 4:0. ორიოდ წუთში ჭანკოტაძის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურზე ყველას საჰაერო დუელი თედორე გრიგალაშვილმა მოუგო და თავით კიდევ ერთი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს – 5:0. ლანჩხუთელთა რბევა გვალიამ დაასრულა 81-ე წუთზე, როდესაც დვალის გადაცემა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით და დაასრულა, რითაც თავისი პირველი გოლი გაიტანა “ზესტაფონის” შემადგენლობაში – 6:0. ერთადერთი გადასვლა, რომელიც ზესტაფონელთა კარში დარტყმით დასრულდა, 85-ე წუთზე მოხდა, როდესაც ჯიშკარიანი დაემუქრა თავური დარტყმით იმერთა კარს, მაგრამ პავლოვიჩმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ბურთს კარის ხაზის გადაკვეთის საშუალება არ მისცა. სირიელი არბიტრის საფინალო სასტვენმა კი ზესტაფონელთა ჩინებული სტარტი დააფიქსირა.   

თემურ ლორია (“გურია”) – “უპირველესად მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას და ჩინებულ სტარტს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი გვიან შეიკრიბა, გვაქვს გარკვეულწილად დაკომპლექტების პრობლემა. ჩვენი მიზანია უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრება. ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება. ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებას. ვეცდებით, “გურიას” ქომაგებს იმედები არ გავუწბილოთ”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”) – “ეროვნული ჩემპიონატის დაწყებას ყველას ვულოცავ. სასიამოვნოა, ჩემპიონატს გამარჯვებით რომ დაიწყებ. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ ავსტრიაში ევროპის ლიგის წინ. მერე იცით რაც მოხდა, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ გუნდმა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს”.

“ზესტაფონი” – “გურია”  6:0 (3:0)

9 აგვისტო. 19:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”.  1000 მაყურებელი

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა (ხიზანეიშვილი, 79), ენდელაძე (გაგოშიძე, 62), გვალია, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ფანცულაია (ჭანკოტაძე, 46), კაპანაძე, დვალი.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

“გურია”: იმერლიშვილი, ჭეიშვილი, კილაძე, ჯიშკარიანი, ზარნაძე, მეგრელიშვილი, მიქაბერიძე (ჟვანია, 32), ჯოჯუა, შალამბერიძე, კუკულაძე (წილოსანი, 56), კვერენჩხილაძე (კვანტალიანი, 77).  

მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია

გოლები: 1:0 დვალი (7), 2:0 ღონღაძე (24), 3:0 ფანცულაია (28), 4:0 დვალი (73), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 გვალია (81).

 გაფრთხილება: რენე ფერეირა (21), შალამბერიძე (30), თედორე გრიგალაშვილი (58), მეგრელიშვილი (64).

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120814