ფეხბურთი

20:30 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონელთა შემადგენლობა 12 ახალწვეულით შეივსო

2014 წლის 29 იანვარს ზესტაფონში ,,დავით აბაშიძის’’ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ,,ზესტაფონმა’’ პრესკონფერენციაზე მიწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს ახალწვეული ფეხბურთელები წარუდგინა.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და მისმა მოადგილემ ვასილ გველესიანმა ,,ზესტაფონის’’ ახალწვეულებს პერსონალური ნომრებით კლუბის მაისურები გადასცა. საფეხბურთო კლუბი ,,ზესტაფონი’’ სეზონის მეორე ნახევარშიც ,,puma“-ს ეკიპირებით შეიმოსება, ოღონდაც წინანდელისაგან ოდნავ განსხვავებული დიზაინი ექნება.

პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ,,მსოფლიო სპორტს’’ გუნდის მზადების პროცესსა და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა:

,,მომზადების პირველ ეტაპზე დროის ძირითადი ნაწილი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას დავუთმეთ, თუმცა ცუდი ამინდების გამო მზადების პროცესში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგვიხდა. ხშირ შემთხვევაში თოვლში ვარჯიში გვიწევდა, თუმცა ფეხბურთელებს მონდომება არ დაუკლიათ და ვთვლი, რომ საკმაოდ ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ. პირველ თებერვალს თურქულ შეკრებაზე მივემგზავრებით, სადაც 17 თებერვლამდე დავრჩებით და საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან სპარინგ-მატჩებსაც გავმართავთ. ვფიქრობ, ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს. პრაქტიკულად ახალი შემადგენლობით გამოსვლა მოგვიწევს. მართალია, მათი უმეტესობა უკვე შემდგარი ფეხბურთელია, თუმცა შეთამაშებისთვის გარკვეული დრო მათაც სჭირდებათ. იმედი მაქვს, რომ ისინი დიდი მონდომებით მოეკიდებიან საქმეს და გულშემატკივართა იმედებს სრულად გაამართლებენ. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ახალწვეულები კიდევ შეგვემატონ. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ფერეირა, აჯურუ და იელიჩი ისევ ზესტაფონელთა რიგებში იასპარეზებენ. ,,ზესტაფონს’’ ყოველთვის უმაღლესი მიზანი ჰქონდა დასახული. ასე იქნება ამჯერადაც. ჯერ ზედა ექვსეულში უნდა მოვხვდეთ, ხოლო შემდეგ ევროთასებზე გამსვლელი საგზურისთვის ვიბრძოლოთ’’.

ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ გუნდის ახალწვეულს, ,,ტოპედოელთა’’ ყოფილ ლიდერს გიორგი კუხიანიძეს გაესაუბრა:

,,უპირველესად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, რაც ძალას და ენერგიას მმატებდა. ვფიქრობ, ,,ზესტაფონში’’ გადმოსვლა ჩემს კარიერას უფრო წაადგება. წლეულს ევროთასებზე გამსვლელ საგზურს უნდა დავეუფლოთ, მომავალი სეზონიდან კი აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.“
ფეხბურთელთა წარდგენის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ,,ზესტაფონმა’’ საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელები თერჯოლის ,,საპოვნელას’’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. საკუთარი გუნდის საქომაგოდ 300-მდე გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მეზობლებთან შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა დააყენა: მეშველიანი (კუპატაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 46), ჭელიძე (ფერეირა, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), მაკარიძე (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 46), დოლიძე (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ფანცულაია, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

პირველი წუთებიდან მოყოლებული შეხვედრა ,,ზესტაფონელთა’’ დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 7:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შვიდივე გატანილი გოლი ახალწვეულთა ანგარიშზეა. თორნიკე კაპანაძემ და ნიკა საბანაძემ დუბლი მიითვალეს, ხოლო დანარჩენი სამი გოლი რევაზ გეწაძემ, გრიგოლ დოლიძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.

0.322495