ჭადრაკი

17:08 | 30.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გაირკვევა

მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ბულგარელმა ანტუანეტა სტეფანოვამ ბოლო შანსი გამოიყენა და უკრაინელ ანა უშენინასთან დაპირისპირებაში წონასწორობა აღადგინა – 2:2. დროის კლასიკური კონტროლით გამართულ უკანასკნელ პარტიაში სტეფანოვა თეთრი ფიგურებით თამაშობდა და გამარჯვება 33-ე სვლაზე იზეიმა.
ამგვარად, რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულის ვინაობა 1 დეკემბერს გაირკვევა, როდესაც ტაი-ბრეიკია დანიშნული. მეტოქეები ჯერ ორ 25-წუთიან (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტიას ჩაატარებენ, თანაბარი შედეგის შემთხვევაში კი, ორი 10-წუთიანი პარტია დაინიშნება (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).
თუ უძლიერესი არც ამის შემდეგ დასახელდა, ორი 5-წუთიანი პარტია გახლავთ დაგეგმილი 3-წამიანი დამატებით, შემდეგ კი მოგებულს არმაგედონი გაარკვევს – 5 წუთი/4 წუთზე. ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვებულად შავები გამოცხადდებიან.

0.121138