ფილადელფიაში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ყაჭეიშვილმა (2605) აჩვენა, რომელმაც 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გასულ ჰოლანდიის სახეილით მოთამაშე ივან სოკოლოვს (ჰოლანდია, 2676) 0.5 ქულით ჩამორჩა.
ყაჭეიშვილის გარდა, 6.5 ქულა აქტივში კიდევ ექვს მოჭადრაკეს ჰქონდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, გიორგიმ მე-5 ადგილი დაიკავა და საპრიზო ფონდიდან 1 484 დოლარი მიიღო. 636 დოლარი ერგო მიხეილ კეკელიძეს (2494), რომელმაც 6.0 ქულა მიითვალა, თამაზ გელაშვილი (2604) კი 5.5 ქულით 21-ე იყო.
ესპანურ ბარბერა დელა ვალესში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში ლევან აროშიძე (2580) თეთრი ფიგურებით კუბელ ალექსეი ფერნანდესს (2427) დაუზავდა და 5 ტურის თავზე 3.5 ქულით მე-8 ადგილზეა. მე-6 ტურში აროშიძე შავებით ასევე კუბელ არიან გონსალესს (2452) გაეჯიბრება. ბარბერა დელ ვალესში 9 ტური ჩატარდება, ჩემპიონს კი 1 500 ევრო ელის.
ესპანეთშივე, კერძოდ კი, უესკაში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, სადაც უკვე 4 ტური მიილია. ქულათა მაქსიმუმით წინ 14 მოჭადრაკე გაიჭრა, რომელთა შორის გიორგი მარგველაშვილიც (2552) იმყოფება. 3.5 ქულით მეოცეა თორნიკე სანიკიძე (2596), ხოლო კონსტანტინე შანავას (2578) 3.0 ქულით 32-ე საფეხური უკავია. უესკას ტურნირი 10 ტურად მიმდინარეობს, მისი გამარჯვებული კი 4 ათას ევროს მიიღებს.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართველთა ჰეგემონიით დასრულდა კრისტინა ჰოლუი-რაძიკოვსკას სახელობის მემორიალი ქალთა შორის. პირველ ადგილზე ინგა ჭარხალაშვილი (2324) გავიდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2434) მას ქულით ჩამორჩა და მე-2 გახლდათ. სოფიო გვეტაძემ (2337) 4.5 ქულით მე-5 პოზიცია დაიკავა.
დადასრულ, დუბაის რიგით XI მოზარდთა საჭადრაკო ფესტივალზეც ვთქვათ, სადაც 14 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის საქართველოს ჩემპიონმა გიორგი სიბაშვილმა (2033) 9 ტურში 8.0 ქულა მიითვალა და გაჩემპიონებულ ვოლოდიმირ ვეტოშკოს (უკრაინა) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
7.0 ქულით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხომერიკმა (1945), ანა თედოშვილმა (1543) 6.5 ქულით მე-12 საფეხური დაიკავა, მარიამ მჟავია (1463) კი 4.5 ქულით 70-ე გახლდათ.