ჭადრაკი

0:28 | 13.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძე მეორე რაუნდშია, დანარჩენები ტაი-ბრეიკზე იბრძოლებენ

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტური კლასიკური პარტიების შემდეგ მხოლოდ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ – ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა ნინო ხურციძემ (2428) დასძლია, თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ტურნირს არცერთი ჩვენებური გამოთიშვია, რაც საწყისი დღის შედეგების გათვალისწინებით, ჩინებული შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ხურციძემ შავი ფიგურებით ბერძენ ელენა დემბოსთან (2454) ყაიმი გააფორმა, განმეორებით პარტიაში კი თეთრებით 45-ე სვლაზე გამარჯვება იზეიმა და ჯამში 1.5:0.5 იმარჯვა.
მოულოდნელი მარცხი შეემთხვა ბელა ხოტენაშვილს (2504), რომელიც კუბელ მარიცა არიბას რობაინასთან (2273) დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა და აკი, 1:0-იც დაწინაურდა, თუმცა, გუშინ შავი ფიგურებით 58-ე სვლაზე წააგო და ახლა, ტაი-ბრეიკებში ჩაბმა მოუწევს.
ასევე დამატებითი პარტიების თამაში ელით სოფო ხუხაშვილს (2383) და ლელა ჯავახიშვილს (2455), თუმცა, მათ შემთხვევაში, ეს, პირიქით მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ სოფოსაც და ლელასაც პირველი პარტიების შესაბამისად სომეხ ელინა დანიელიანთან (2476) და ანასტასია ბოდნარუკთან (2415) ჰქონდათ წაგებული, თეთრებით კი რევანშის აღება მოახერხეს.
ამრიგად, დღევანდელ ტაი-ბრეიკებში მეორე წრის საგზურისათვის სამი ქართველი მოჭადრაკე იბრძოლებს. გამარჯვებულის ვინაობას ორი 25-წუთიანი (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან) პარტია გაარკვევს, ხოლო თანაბარი შედეგის შემთხვევაში ორი 10-წუთიანი პარტია დაინიშნება (10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან).
თუ უძლიერესი არც ამის შემდეგ დასახელდა. ორი 5-წუთიანი პარტია გახლავთ დაგეგმილი 3-წამიანი დამატებით, შემდეგ კი მოგებულს არმაგედონი გაარკვევს – 5 წუთი/4 წუთზე. ყაიმის შემთხვევაში, გამარჯვებულად შავები გამოცხადდებიან.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ხურციძის გარდა, ამ დროისთვის მომდევნო ეტაპზე კიდევ 23 მოჭადრაკეა გასული. ესენი არიან: ჰოუ იფანი (ჩინეთი), ჰამპი კონერუ (ინდოეთი), ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ქსუე ჟუე (ჩინეთი), ეკატერინა ლაჰნო (უკრაინა), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), ვალენტინა გუნინა (რუსეთი), პია კრამლინგი (შვედეთი), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ჩენ ჟუ (ყატარი), ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი), ვიკტორია ჩმილიტე (ლიტვა), მარი სებაგი (საფრანგეთი), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ანა ზატონსკიხი (აშშ), ოლგა გირია (რუსეთი), ქიან ჰუანგი (ჩინეთი), ანა უშენინა (უკრაინა), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა) და მონიკა სოჩკო (პოლონეთი).

0.093445