ჩინურ ვუსიში სტარტი აიღო ქალთა წრიულმა ტურნირმა "Women Chess Masters", რომელშიც ჰოუ იფანის გარდა, ყველა ადგილობრივი უძლიერესი მოჭადრაკე ჩაება, მიწვეული კი, მხოლოდ ორი გოგონაა – ქართველი ბელა ხოტენაშვილი (2490) და უკრაინელი მარია მუზიჩუკი (2490).
ტურნირზე უკვე ტური მიილია, ქართველი მოჭადრაკე კი დაუმარცხებლად თამაშობს. ბელამ პირველი პარტია შავი ფიგურებით ჩაატარა და ქიან ჰუანგს (2399) დაუზავდა, მეორეში კი თეთრებით მუზიჩუკს სძლია.
ორი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი ვენჯუნ ჟუს (2557) გააჩნია, რომელსაც ტურნირზე უმაღლესი რეიტინგი გაჩნია, მისი უახლოესი მდევრები კი ხოტენაშვილი და იქსინ დინი (2350) არიან. მათ აქტივში 1.5-1.5 ქულაა.
ჩინური მასტერსი 9 ტურად მიმდინარეობს და ხოტენაშვილის სამომავლო განრიგიც ცნობილია. 12 აპრილს ბელა შავებით ქსუე ჟაოს (2495) ეთამაშება, 13-ში, თეთრებით – ქსიაობინ გუს (2257), 14-ში, შავებით – იქსინ დინს (2350), 16-ში, თეთრებით – ჟონგი ტანს (2428), 17-ში, შავებით – ქსიაოუენ ჟანგს (2438), 18-ში, შავებით – იანგ შენს (2443), ხოლო 19-ში, თეთრებით – ვენჯუნ ჟუს (2557).
"Women Chess Masters"ის საპრიზო ფონდი 215 000 ჩინური იუანია (დაახლოებით, 26 000 ევრო), საიდანაც ჩემპიონი 60 000 იუანს (დაახლოებით 7 000 ევრო) მიიღებს.