ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონა” მიზანმიმართულად მიიწევს წინასასეზონოდ დასახული მიზნების აღსასრულებლად. პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, “ბლაუგრანა” უახლოეს მდევარ მადრიდის “რეალს” რვა ქულით უსწრებს და მორიგი საჩემპიონო ტიტული პრაქტიკულად განაღდებული აქვს. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, კატალონელები “ცალი ფეხით” უკვე ფინალში არიან და გადამწყვეტ მატჩში ლონდონურ “უემბლიზე”, სავარაუდოდ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირება ელით. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:0 მოგების შემდეგ, საკუთარ “კამპ ნოუზე” ფინალის საგზურის გაფორმება გვარდიოლას გუნდს, წესითა და რიგით, არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ კატალონელთა დამრიგებელი დღევანდელ მატჩს მთელი სერიოზულობით უდგება და იოლ შეხვედრასაც არ ელის. გთავაზობთ, ბარსელონელთა დამრიგებლის ინტერვიუს, რომელიც მან ვებგვერდს AS.COM-ს მისცა.
- როგორ გგონიათ, დღეს “კამპ ნოუზე” “სხვა” მადრიდის “რეალი” დაგიპირისპირდებათ?
- მადრიდის “რეალს” სათადარიგოთა გრძელი სკამი და დიდი არჩევანის საშუალება აქვს, ამიტომაც, არ გამიკვირდება, მეტოქე გუნდმა განსხვავებული სტილის თამაში რომ შემოგვთავაზოს. ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. იოლ მატჩს არ ველი და “ბარსელონას” კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
- დისკვალიფიცირებული ჟოზე მოურინიოს შემცვლელი აიტორ კარანკა აცხადებს, რომ უეფა-მ უშუალოდ თამაში მეორე პლანზე გადასწია...
- როგორც ვიცი, იგი დისკვალიფიკაციების მოჭარბებულ რაოდენობას გულისხმობს. ჩემი გადასაწყვეტი არაა, რომელ ფეხბურთელს თუ მწვრთნელს მოუხდება დროებით “თავის გაგრილება”. თუკი “რეალი” სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ ვერდიქტს არ ეთანხმება, თავისუფლად შეეძლო, აპელაციით შესაბამისი იურიდიული ინსტანციისთვის მიემართა.
- თქვენი აზრით, მაინც როგორ წარიმართება ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი?
- მძიმე და დაძაბული პაექრობა გველის. ყოველმხრივ შევეცდებით, ჩვენ სათამაშო სტილს არ ვუღალატოთ და თავიდანვე საქმეში მაქსიმალური სიჩქარეები ჩავრთოთ. ბურთი მუდმივად მოძრაობაში უნდა ვამყოფოთ, თანაც, მას ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ. ამ მხრივ “ბარსელონა” ეგოისტია. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში დასაბრუნებლად ყველა ზომას ვხმარობთ ხოლმე. სწორედ ეს გვაძლევს მატჩის მსვლელობისას დიდი რაოდენობის იერიშის წარმოების საშუალებას. ყოველმხრივ შევეცდებით, “კამპ ნოუზეც” თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრას. გუნდში ტექნიკური მოთამაშეების ნაკლებობა არ იგრძნობა, ამიტომ, რატომ უნდა ვთქვათ უარი შემტევ, აგრესიულ ფეხბურთზე? გუნდის განწყობა საბრძოლოა. ცოტა გვიკლია ლა ლიგის მოგებამდე, ჩემპიონთა ლიგაში კი, საბოლოო წარმატების ორად ორი ნაბიჯის გადადგმაღა დაგვრჩა.
- “ბარსელონას” გულშემატკივრებმა წინასამატჩოდ ორი სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს – მწყობრში ჩადგნენ ინიესტა და აბიდალი...
- ანდრესის დაბრუნება დიდწილად მოსალოდნელი იყო. ექიმები გვარწმუნებდნენ, რომ განმეორებითი სანახევარფინალი დაპირისპირების წინ მის “ფეხზე დაყენებას” მოასწრებდნენ. რაც შეეხება ერიკის საკითხს, მისი მწყობრში ჩადგომა ყველა ჩვენთაგანისთვის სასიამოვნო სიურპრიზია. ცოტა ხნის წინ ხომ მას სიმსივნის უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა. ექიმები გვარწმუნებენ, რომ აბიდალი ფიზიკურად მშვენივრადაა. ცხადია, პაუზის შემდეგ, მას 90 წუთი თამაში არ შეუძლია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მისი დახმარების იმედი გვაქვს. უმთავრესი კი ისაა, რომ ერიკი გუნდთან ერთადაა! კიდევ ერთ მომენტს მსურს გავუსვა ხაზი. მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ სათამაშოდ ოცი ფეხბურთელია გამოძახებული, რომელთაგან 14 “ბარსელონას” აღზრდილია. ჩემი აზრით, ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია.
- პირველი მატჩი 2:0 მოიგეთ. თქვენ აცხადებთ, რომ ამჯერადაც შემტევი სტილით ითამაშებთ. ცოტათი სარისკო მიდგომა ხომ არაა?
- “რეალი” მაღალი კლასის გუნდია, ამიტომაც, მასთან დაპირისპირებისას დაცვასაც ჯეროვან ყურადღებას მივაქცევთ. თუმცა, საკუთარ საფეხბურთო მიდგომასა და პრინციპზე უარს არ ვიტყვი და შეტევაზე გავაკეთებთ აქცენტს. ეს პრაქტიკული ასპექტითაცაა მომგებიანი. მხოლოდ შედეგზე რომ ვითამაშოთ, მადრიდელები აუცილებლად დაგვსჯიან. ისინი კონტრშეტევებსა და მეორე სართულზე თამაშში არიან ძლიერები, ამიტომაც მოჭარბებული სიფრთხილე “ბარსელონასთვის” არასასურველი რეზულტატის მომტანი გახდება.
გოჩა კაჭარავა