ინტერვიუები

10:21 | 3.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანო: “ბარსელონაში” გადასვლა, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა”

არგენტინელ საყრდენ ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს, “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა, მაგრამ მაშინ, “ლივერპულმა” ფეხბურთელის გაყიდვისგან თავის შეიკავა. თუმცა, აგვისტოს მიწურულს, “მერსისაიდელები” სამხრეთამერიკელს მაინც შეელიენ და “ენფილდზე” გატარებული 4 სეზონის შემდეგ, მან კატალონიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანეთში ჩასულმა არგენტინელმა, ექსკლუზიური ინტერვიუ Barca TV-ს მისცა, რომლის საკითხავი ვარიანტი, “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.  
- “ბარსაში” გადასვლის გულისთვის, მზად რისთვის იყავით?
- როდესაც ასეთი შანსი მომეცა, არც დავფიქრებულვარ. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შევუერთდი. “ბარსას” ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში, ძალიან ამაღელვებელია.
- ასეთი შეკითხვა იმიტომ დაგისვით, რომ კლუბი მადლობელი დარჩა ამ ტრანსფერისადმი თქვენი მიდგომით, რამაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი როლი ითამაშა...
- მეც მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო მონდომებისთვის. ხელმძღვანელობამ ბევრი ფული დახარჯა და ჩემი ვალი იყო, მათთავის ეს ტვირთი შემემსუბუქებინა, რათა ოცნება განხორციელებულიყო.  
- თქვენთვის, “ლივერპულში” გატარებული ბოლო დღეები მძიმე იყო? წვალობდით?
- დიახ. როდესაც “ლივერპულმა” საქმეში ჩემი ოჯახის წევრების ჩათრევა და რაღაც უაზრობები დაიწყო, ძალიან დამწუხრებული ვიყავი. კლუბის ხელმძღვანელობა მთელი წელიწადი რაღაცას მპირდებოდა, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. ჩემი ოჯახი და კიდევ სხვა რამ, არაფერ შუაში იყო. როდესაც გესმის, ან კითხულობ სიცრუეს, ბრაზდები.
- პრემიერლიგაში რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით თამაშისას, ისეთი რამ თუ ისწავლეთ, რაც აქ გამოგადგებათ?
- პრემიერლიგაში არსებული რიტმი და თამაშის დინამიკა, კარდინალურად განსხვავდება სხვა ჩემპიონატებისგან. ასევე, ფიზიკური კონტაქტი. ბენიტესი ტაქტიკას მასწავლიდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლი. მან ყველაზე მეტი ცოდნა მომცა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ბენიტესმა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და “ლივერპულის” შემადგენელ ნაწილად გახდომის შანსი მომცა. მას ჩემი მაშინაც კი სჯეროდა, როდესაც მეჩვენებოდა, რომ თავის გამოჩენის საშუალებას, მსოფლიოში არავინ მომცემდა. ცხოვრების ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები.
- გახსოვთ ის დღე, როდესაც “ბარსას” შესახებ პირველად რაღაც გაიგეთ?
- არგენტინელები ევროპულ ფეხბურთს თვალყურს ყურადღებით ადევნებენ. ბავშვობაში ტელევიზიით იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატებს ვუყურებდი. მახსოვს, ბობი რობსონის “ბარსა”, რომელშიც რონალდო თამაშობდა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რონალდოთი და იმ სეზონში გუნდის გამოსვლას თვალს ვადევნებდი.
- გვარდიოლას თამაში თუ გახსოვთ?
- ამ კლუბის ისტორიაში ის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველია. იგი ფუძემდებელი იყო და უკვე შემდეგ წამოვიდნენ – ხავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ბევრი ფეხბურთელი, რომელიც მთავარ გუნდში კლუბის საფეხბურთო აკადემიის გავლით მოხვდა. “ბარსელონას” სკოლაგავლილებს, თავისი განსაკუთრებული კვალი ემჩნევათ. ყველაფერი კი, გვარდიოლადან დაიწყო. ამ კლუბში, თავის პოზიციაზე ახალი სათამაშო სტილი, მან დანერგა.     
- მასზე, როგორც მწვრთნელზე, რას ფიქრობთ?
- უბრალოდ, მისი მიღწევების ჩამონათვალს უნდა შეხედო. სჩანს, რომ როგორც მწვრთნელი ძალიან გულახდილია. ამას პრესკონფერენციებზეც აჩვენებს და სათადარიგოთა სკამზეც. სჩანს, რომ პროფესიონალია და ფეხბურთისთვის სრულად იხარჯება. ვფიქრობ, ის ამისთვის ცხოვრობს. ლეო მესის მონაყოლიდან შეიძლება დაასკვნა, რომ გვარდიოლა, უბრალოდ, ფეხბურთითაა შეპყრობილი. ეს, ჩემთვის იმითაც ძალიან კარგია, რომ მეც მის პოზიციაზე ვთამაშობ და გავრდიოლასგან ბევრს ვისწავლი.      
- მას შემდეგ, რაც ბარსელონაში ჩამოხვედით, მესი არ გშორდებათ. ლეოსა და გაბი მილიტოს თქვენს გვერდით ყოფნა, ადაპტაციას გაგიადვილებთ?
- მათი ყოფნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემსა და დანარჩენ კოლექტივს შორის, ისინი მეკავშირის როლს შეასრულებენ. შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ გუნდს ძალიან იოლად ვეგუებოდი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შემექმნება. მითუმეტეს, როგორც ვიცი, აქ საუცხოო ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ასეთ ხალხთან პრობლემების ქონა ძალიან ძნელია.
- გადასვლის შემდეგ, პირველყოვლისა, რა გირჩიეს?
- მირჩიეს მოვდუნდე და სიამოვნება მივიღო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვიცი, რომ თავდაუზოგავი ვარჯიში მომიწევს, რადგან უდიდეს კლუბში მოვხვდი. “ბარსელონა” შეკრული კოლექტივია, რომელშიც ფეხბურთელები ერთად უკვე 2-3 წელიწადია თამაშობენ. გუნდმა ბევრი ჯილდო მოიგო. ვეცდები თავი საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინო.
- ხალხი ამბობს, რომ თქვენ და ლეო მესი ძალიან ახლო მეგობრები ხართ. ამ მეგობრობამ, სათავე საიდან დაიდო?
- არგენტინის ნაკრებში მოხვედრის დღიდან. ბოლო წლებში, ჩვენი მეგობრობა უფრო განმტკიცდა. ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ. ნაკრებში რამდენიმეჯერ სიმწარე განვიცადეთ. ეს კი, დაახლეობის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ადამიანთა ჯგუფს მძიმე დრო უდგას, მაშინ, კრიზისის გადატანის საუკეთესო საშუალება ერთად დგომაა. ჩვენ ახლო მეგობრები გავხდით და ვფიქრობ, “ბარსელონაში” ეს მეგობრობა კიდევ არაერთი წელიწადი გაგრძელდება.   
- ბარსელონაში ყველა ვგულშემატკივრობთ ლეოს, როდესაც ის არგენტინის ნაკრებში თამაშობს. მას იქ ბევრი იმედგაცრუება შეხვდა.
- ლეოსგან საოცრებას ელიან. ეჭვს არ იწვევს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მატჩების მოგება მარტოს არ შეუძლია. მას გუნდის მხარდაჭერა სჭირდება. ვფიქრობ, მან იცის, რომ ნაკრებში ყველა მხარს ვუჭერთ და კარგად გვაქვს გაცნობიერებული რა შეუძლია. თუმცა, შემდეგ შედეგი დგება და შედარებები იწყება. თუ შედეგი ცუდია, ხალხი ამას ყოველთვის ხაზს უსვამს. ლეო ჩვენი ყველაზე დიდი ბრილიანტია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით მან კაშკაში როგორ უნდა დაიწყოს. იმედი გვაქვს, ხალხი შედარებებს თავს დაანებეს და მას საშუალებას მისცემს, რომ მესი იყოს.
- მესიში, ყველაზე მეტად, რა გაკვირვებთ?
- მისი მორიდებულობა. მას არ ესმის თუ რა მწვერვალზე ავიდა. ეს კი, მაოცებს. ეს მისი საუკეთესო თვისებაა. ის ფანტასტიური ადამიანია და მასში ქედმაღლობის ერთი წვეთიც კი არაა. მის დონეზე ყოფნისას, ასეთი მორიდებულობა ძვირად ფასობს.  
- დავუბრუნდეთ “ბარსელონას”. მოთხოვნები, რომელსაც კლუბი თავის ფეხბურთელებს უყენებს, მოტივაციას გმატებთ?
- ეს, პროფესიონალური კუთხით ზრდაში დამეხმარება, რომ მიღწეულზე არ შევჩერდე. ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ასეთ კლუბში მოხვედრაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. შევეცდები, შანსი ხელიდან არ გავუშვა და აქ ისე დიდ ხანს დავრჩე, რამდენიც შესაძლებელია.
- მას მერე, რაც ევროპაში გადაბარგდით, კარიერაში დიდი გამარჯვებები არ გქონიათ. ალბათ, ტიტულებს მოწყურებული ხართ?
- ჩემთვის “ბარსელონაში” გადასვლა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ევროპაში გამარჯვების გემო ჯერ ვერ შევიგრძენი და არ მსურს კარიერის ბოლოს ვთქვა, რომ შანსი არ მქონდა. ამჟამად, “ბარსას” ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც გამარჯვებებისგან არ დაღლილან. ეს გვერდიდანაც ჩანს. მათ, თითოეულ თამაშში უნდათ დაამტკიცონ, რომ საუკეთესონი არიან.   
- “ბარსელონა” ძალიან შემტევ სტილში თამაშობს და საყრდენ ნახევარმცველს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. თქვენთვის ახალ სათამაშო სტილს, ალღოს მალე აუღებთ?
- ამაში დარწმუნებული ვარ. სწრაფად ადაპტაციისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როდესაც შენს ირგვლივ დიადი მოთამაშეები არიან და გუნდიც კარგად თამაშობს, ადაპტირება უფრო ადვილია.
- ნამდვილი ლიდერის რეპუტაცია გაქვთ და ამბობენ, რომ ძლიერი ხასიათის პატრონიც ხართ. ეს, სიმართლეა?
- გაბედული ვარ, მაგრამ არა ფსიქოპათი. ცხოვრებაში საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი ვარ. შესაძლოა, ცოტა ვიცვლები, როდესაც მოედანზე გავდივარ, მაგრამ თანაგუნდელების გაძღოლისთვის მაგალითის მიცემაა საჭირო. ჩემი განსასაზღვრავი არაა ლიდერი ვარ, თუ არა. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ “ბარსამ” საკუთარი გზიდან არ გადაუხვიოს.    
- გასულ უქმეებზე, სერხიო ბუსკეტსის თამაშს თვალი თუ ადევნეთ?
- ის საუცხოო ფეხბურთელია. ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. ის მსოფლიოს ჩემპიონია. ბოლო ნახევარი წელიწადის განმავლობაში “ბარსაში” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა და ყოველთვის ვცდილობ საუკეთესოებს თვალი ვადევნო, რათა მათგან ვისწავლო. ჩემსა და ბუსკეტს შორის მეტოქეობა არ არსებობს – არცერთ ასპექტში. სეზონი გრძელია, ბევრი მატჩი გველის და თითოეული ჩვენთაგანი მზად უნდა იყოს, მისი დრო როდესაც დადგება.   
- არგენტინის ნაკრებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშობთ და როგორია –პუიოლთან, ხავისთან, ინიესტასთან და ვილიასთან ერთად გარჯა?
- ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი დიდი ფეხბურთელები არიან და ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ რთული ფეხბურთი ძალიან მარტივი გეჩვენება. ყველაზე მეტად, ძალას ამ ფეხბურთელებისგან სწავლის პერსპექტივა მაძლევს. აქ სწავლისა და სრულყოფისთვის მოვედი. “ბარსელონაში” გადმოსვლამ იმის საშუალება უნდა მომცეს, რომ 2-3 წლის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხრა: “მე უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი”.  
-“რეალთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელით?
- ეს იმ მატჩთაგანია, რომელშიც მონაწილეობა ყველას სურს. თუმცა, “ელ კლასიკომდე” კიდევ შორია. პირველყოვლისა, გუნდში რაც შეიძლება სწრაფად, ადაპტაცია უნდა გავიარო.  
- ჩემპიონთა ლიგაში “ენფილდზე” “რეალის” (4:0) განადგურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ. ეს, “ლივერპულში” თქვენს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო?
- ბოლო წლებში, ეს “ლივერპულის” მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. ისეთი ისტორიის მქონე გუნდის წინააღმდეგ მოედანზე გასვლისას, როგორიც “რეალია”, თავს ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობ. მადლობა ღმერთს, რომ საუცხოოდ ვითამაშეთ – რაც გვსურდა, ყველაფერი გამოგვდიოდა. ის მატჩი ხალხს ჯერ კიდევ არ დავიწყებია.
- “14” ნომერს, თქვენთვის რაიმე საკრალური მნიშვნელობა აქვს?
- ნომრებთან დაკავშირებით ცრუმორწმუნე არ ვარ. არჩევანის საშუალება მქონდა და 14 ავირჩიე, რადგან ამ ნომრით ნაკრებში ვთამაშობ.  
- ახლა, “ნოუ კამპი” თქვენი სახლი გახდა. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ფიქრობთ, რომ თამაში ამ სტადიონზე მოგიწევთ?
- ნამდვილი ტაძარია. საუცხოო რამაა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. შევეცდები სიამოვნება მივიღო. როდესაც მოედანზე გადიხარ და შენს სანახავად მოსულ 98 000 ადამიანს ხედავ, ამაყი ხარ. შევეცდები, ამ სტადიონისგან ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორც “ენფილდისგან”.


მოამზადა ლაშა თაბაგარმა

0.122375