ინტერვიუები

10:33 | 5.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხავი: "მალიორკასთან" 2 ქულის დაკარგვამ გამაკვირვა"

კატალონური “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხავი ერნანდესი, ბოლო ხანს ფეხის ტრავმას უჩიოდა. ყაზანში “რუბინთან” მატჩის შემდეგ კი, ტკივილმა იგი ისე შეაწუხა, “ფურია როხას” დამრიგებელს დაუკავშირდა და დელ ბოსკეს პირენელთა ეროვნული გუნდიდან გათავისუფლება სთხოვა. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, ხავის El Mundo Deportivo  დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა.
- ტრავმა ცუდ დროს მიიღეთ - ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელოვანი შესარჩევი მატჩების წინ გამოაკლდით. როგორ გრძნობთ თავს?
- ფეხის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევს. უსიამოვნო შეგრძნება ჯერ კიდევ წინასასეზონო მზადებისას მქონდა. სეზონის დაწყების შემდეგაც, პრაქტიკულად, ყველა მატჩში ფეხმტკივანი ვთამაშობდი. ყაზანში საჩემპიონთალიგო შეხვედრის მსვლელობისას, მინდოდა გვარდიოლასთვის ჩემი მინდვრიდან გაყვანა მეთხოვა, მაგრამ “ბარსა” მარცხდებოდა და ამ დროს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის დრო არ იყო. კატალონიაში დაბრუნების შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკეს დავურეკე და ვუთხარი, უახლოეს 2 შესარჩევ მატჩში თამაშს რომ ვერ შევძლებდი. დაახლოებით 15 დღე დასვენება მომიწევს.
- როდესაც “ბარსელონას” ფეხბურთელები სანაკრებო ტაიმ-აუტის აღებას სთხოვენ “ფურია როხას” ხელმძღვანელობას, მადრიდში ეს უკმაყოფილებას იწვევს. დედაქალაქში ეჭვიანობენ, რომ კატალონიელი მოთამაშეები, ესპანეთის ნაკრების ღირსების დაცვას თავს არიდებენ. ნამდვილად ასეა?
- ამგვარი ხმების დაყრით, ადამიანთა გარკვეული კატეგორია არასდროს დაიღლება. პირადად მე, 98 მატჩი მაქვს ჩატარებული “სელეკსიონში” და ნაკრებში მომავალშიც სიამოვნებით ვიასპარეზებ. მოკლედ მოგახსენებთ საქმის ვითარებას. ვისენტე დელ ბოსკეს დავურეკე და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა მოვახსენე. მთავარი მწვრთნელი გაგებით მოეკიდა ჩემ სიტყვებს და ნაკრებში არ გამომიძახა. სინიორ ვისენტესთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და არც სამომავლოდ მოხდება ჩვენ შორის რაიმე სახის გაუგებრობა. ბოლო სატელეფონო საუბარიც ხანმოკლე გამოგვივიდა – სათქმელი ერთმანეთს გასაგებად და ლაკონურად მოვახსენეთ.
- თქვენს გარეშე, “ბარსელონას” უჭირს. პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში, “ნოუ კამპზე” “მალიორკას” ვერ მოუგო. ეთანხმებით საფეხბურთო წრეებში გავრცელებულ თვალსაზრისს, “ბარსა” უწინდელთან შედარებით ნაკლებად ეფექტურ თამაშს რომ აჩვენებს?
- კუნძულელებთან 2 ქულის დაკარგვამ მეც გამაკვირვა და გამაწბილა. საქმე ისაა, რომ ჩვენი გუნდი როდესაც ანგარიშს გახსნის, თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, მოწინააღმდეგე კი მორალურად “ფუჭდება”. “მალიორკასთან” საწინააღმდეგო რამ მოხდა. ლეო მესიმ მეოცე წუთისთვის გახსნა ანგარიში და მეგონა, საქმეს ლამაზ მოგებამდე მივიყვანდით, მაგრამ მეტოქემ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გაგვიყაიმა, შესვენების შემდეგ კი, დიდი უპირატესობის მიუხედავად, გადამწყვეტი გოლის გატანა არ მოხერხდა.
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, მოწინააღმდეგეებმა თქვენი თამაში გაშიფრეს და იციან, რა მეთოდებით გააუვნებელყონ “ბარსელონა”...
- “ბარსას” თამაში არ გაფერმკრთალებულა და არც დონე დაწეულა დაბლა. ოსტატობა, დინამიზმი და მოტივაცია ფეხბურთელებს არ გვაკლია, ამიტომაც, სამომავლოდაც ჩვენგან გულშემატკივრები წარმატებებს უნდა ელოდნენ.

 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.135783