სტამბოლში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მორიგ, მეოთხე ტურში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებებს საკმაოდ სუსტი გუნდები შეხვდათ და მათგან იოლ “გასეირნებას” და ქულათა მაქსიმუმის აღებას ველოდით. ვაჟთა ნაკრების მეტოქე ფარერის კუნძულების გუნდი იყო, რომლის პირველ დაფაზე მჯდომი ჰელგი დამ ზიშკას რეიტინგი 2469-ს შეადგენს. ის თეთრი ფიგურებით ეთამაშებოდა მიხეილ მჭედლიშვილს (2659). ქართველი მოჭადრაკე ყაიმს დასჯერდა. ასეთივე შედეგი დაფიქსირდა მესამე დაფაზე, სადაც თორნიკე სანიკიძე (2585) შავი ფიგურებით ეთამაშებოდა ჯონ როდგაარდს (2354) . თეთრებით მოთამაშე მერაბ გაგუნაშვილმა (2578) და კონსტაბტინე შანავამ (2569) იმარჯვეს შესაბამისად ჯონ ნილსენთან (2372) და როგვი ნილსენთან (2203). საბოლოო ანგარიშია 3-1 ქართველი ვაჟების სასარგებლოდ.
ოთხი ტურის შემდეგ ვაჟთა ოლიმპიადას 4-4 გამარჯვებით უკრაინის, უნგრეთის, სომხეთისა და რუსეთი ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები სამი მოგებითა და 1 წაგებით 26-ე ადგილზე არიან. მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკე ვაჟები ვიეტნამელებს დაუპირისპირდებიან.
მაქსიმალური ანგარიშით 4-0 მოიგეს ჩვენმა მოჭადრაკე ქალებმა კუბის ნაკრებთან. შავი ფიგურებით მოთამაშეებმა ნანა ძაგნიძემ (2547) და ლელა ჯავახიშვილმა (2458) შესაბამისად ტერეზა ვალდესი (2344) და მარიცა რობაინა (2296) დაამარცხეს, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა (2509) და ნინო ბაციაშვილმა (2432) თეთრებით მოუგეს ოლეინი ლინარესსა (2355) და ლისანდრა პუპოს (2264)
ოთხი ტურის შემდეგ ქალთა ოლიმპიადას 4-4 მოგებით (8-8 ქულით) რუსეთისა და საფრანგეთის გუნდები ლიდერობენ. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 7 ქულით (3 მოგება, 1 ფრე) მეექვსე ადგილზეა. მეხუთე ტურში ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის ნაკრებია.
პირად შედეგებს თუ გადავხედავთ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებში ყველაზე მეტი, ჯერჯერობით მერაბ გაგუნაშვილს აქვს მოპოვებული - 2,5 ქულა (4 პარტიიდან), 2-2 ქულა მიითვალეს მიხეილ მჭედლიშვილმა, (ოთხი პარტიიდან), თორნიკე სანიკიძემ (3) და ლევან ფანცულაიამ(3). ორი პარტია ითამაშა კონსტანტინე შანავამ და ორივე მოიგო.